სონღულაშვილი: სირთულეების ნამდვილად არ გვეშინია, ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ყველანაირი დაბრკოლების გადალახვის რესურსი აქვს

589

ჩემთვის პატივია წარმოვადგენდე საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიცილაპიტეტებს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

„საქმიანობა რთულ პერიოდში მოგვიწევს, პანდემიის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე გამოწვევებიც ერთი-ორად ამწვავებს ეკონომიკურ თუ სოციალურ ფონს. სირთულეების ნამდვილად არ გვეშინია, ჩვენმა ხელისუფლებამ „ქართულმა ოცნების“ მთავრობად დაამტკიცა, რომ ყველანაირი დაბრკოლების გადალახვის რესურსი აქვს, როცა ადამიანზე ზრუნვა არის უპირველესი ღირებულება, როცა მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა მთავარია, ეკონომიკური თუ სოციალური ზედნაშენები აღარ წარმოადგენს სირთულეს. მოსახლეობა, ხალხი, ჩვენი კახელები ამას კარგად ხედავენ და გრძნობენ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სონღულაშვილის თქმით, მისთვის კახეთის მსახურება სულიერი მისიის დიდი ნაწილია.

“მე კახელი ვარ და მაჟორიტარობის კანდიდატობა კახეთში არ არის მხოლოდ პოზიცია ან მომავალი თანამდებობის დაკავების სურვილი. მე ამ კულტურის ნაწილი ვარ და კახეთის მსახურება ჩემი სულიერი მისიის დიდი ნაწილია.

ჩვენი სიტყვები, დანაპირები, საქმეები ფუჭი ვერ იქნება. მე მარტო არ ვარ და ჩემ უკან დიდი გამოცდილებაა, ყველაზე წარმატებული გუნდი, ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ სახით. ჩემო საგარეჯოელებო, მიმიღეთ თქვენს სამსახურში, ვემსახურები საგარეჯოს, ვიბრძოლოთ თითოეული საგარეჯოელის წარმატებისთვის, ერთად ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს წარადგინა. 10 აგვისტოს კი, პოლიტიკურმა გაერთიანებამ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთით დაიწყო.