სალომე სამადაშვილი: IRI-ის კვლევა აჩვენებს, რომ ოპოზიციას ძალიან მაღალი შანსები აქვს, გაერთიანებული ძალებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია დაამარცხოს

444

წინა სტატია

ოპოზიციას, გაერთიანებული ძალებით აქვს მაღალი შანსი, არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია დაამარცხოს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევის შედეგები შეაფასა.

სალომე სამადაშვილის თქმით, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევის შედეგები გამორიცხავს ნებისმიერ სცენარს, რომლითაც „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევა აჩვენებს, რომ თუ არჩევნების შემდგომ, ოპოზიციას კოალიციური გაერთიანება დასჭირდება, მთავარი მოთამაშე ამ კოალიციურ გაერთიანებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნება.

ამასთან „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევა ფაქტობრივად, აჩვენებს, რომ ოპოზიციას ჯამში აქვს ძალიან მაღალი შანსები და ალბათობა იმის, რომ გაერთიანებული ძალებით დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია. ეს საკმაოდ მყარად არის გარანტირებული ამ კვლევით.

მმართველ პარტიას, რომელსაც ტრადიციულად გამოკითხვებში საგრძნობლად მაღალი შედეგები აქვს ხოლმე, ვიდრე რეალური მხარდაჭერა, ამ კვლევითაც კი მხოლოდ მოსახლეობის 33 % უჭერს მხარს, ეს ფაქტობრივად გამორიცხავს ნებისმიერ სცენარს, რომელშიც „ქართული ოცნება“ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას ქვეყანაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის მიხედვით, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს „ქართულ ოცნებას“ გამოკითხული მოსახლეობის 33% დაუჭერდა მხარს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 16 %, „ევროპულ საქართველოს“ 5%.