საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. მათ შორის, რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ ქუჩებს, სადაც მოძრაობის ინტენსივობა ყველაზე მაღალია, კერძოდ, რეაბილიტაცია უტარდება სოხუმის, რუსთაველის, აღმაშენებლისა და ლ. ბერიას ქუჩებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზუგდიდის ქუჩების საავტომობილო გზის მონაკვეთები იმდენად ამორტიზებულია, რომ ფაქტობრივად აღარ არსებობს საავტომობილო გზის საფარი. ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნის როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე ნალექიანი ამინდების დროს, როდესაც მათზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში ჯამში 47 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. მათ შორის, რებილიტირდება ზუგდიდის ცენტრალური – შოთა რუსთაველის, სოხუმისა და აღმაშენებელის ქუჩები.
ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაციის ეტაპობრივად, წლის ბოლომდე დასრულდება.
ქუჩების რეაბილიტაციას 52 მილიონ ლარამდე მოხმარდება.