მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანება საბავშვო ბაღებში კვების მენიუს შეცვლას გეგმავს

497

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანება საბავშვო ბაღებში კვების მენიუს შეცვლას გეგმავს. როგორც გაერთიანების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვი ამბობს, ცვლილება, სავარაუდოდ, ნოემბრის თვიდან იქნება. კვების მენიუს შედგენაში მონაწილეობას მიიღებს მოწვეული ნუტრიციოლოგი (კვების სპეციალისტი). ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

“ნუტრიციოლოგთან გვაქვს საკითხი გასავლელი და ვფიქრობ, ახალი მენიუ ნოემბრის თვის შემდეგ გვექნება. ადრე ძალიან კარგი მენიუ გვქონდა, მაგრამ რამდენიმე ბაღის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ საკვები ბევრი იყო გათვალისწინებული და ვერ ითვისებდნენ ბავშვები, მერე შევამცირეთ და ახლა ამბობენ, რომ სუსტი მენიუ გაქვთო. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ნუტრიციოლოგის ჩარევა ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის მოგვარებაში. ვიდრე თქვენთან ჩავწერდი ინტერვიუს, კვების კოორდინატორთან მქონდა საუბარი. ჩვენ 1 600 ბავშვზე გვქონდა ტენდერი გამოცხადებული, ახლა პრაქტიკულად 1 100 ბავშვი დადის, ეკონომიები გვაქვს და შესაძლებელი იქნება, რომ პროდუქტები დავამატოთ ნოემბერში და დეკემბერში. ახლა ფინანსების გამო ვერ შევძლებთ”

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 2022-2023 სააღმზრდელო წლისათვის საკვები პროდუქტების შესაძენად 347 108 ლარის ტენდერები გამოაცხადა საქონლის ხორცის, ქათმის ფილეს, პურის, ორცხობილას, შაქრის, კაკაოს, მაკარონის, ჩაის, მარილის, ხორბლის, სიმინდის ფქვილის, შვრიის ფანტელის, მანანის ბურღულის, მწვანილების, კვერცხის, ხილის წვენების ბურღულეულის და სხვა საკვები პროდუქტების შესაძენად.

პროდუქტებს ბაღებში ეტაპობრივად, საჭიროებისამებრ, დეკემბრის ჩათვლით შეიტანენ. ახალი წლიდან კი ტენდერების გამოცხადება ხელთავიდან მოუწევთ.

აღნიშნული პროდუქტები მარნეულის 14 საბავშვო ბაღზეა გათვლილი, თუმცა, ერთი სააღმზრდელო დაწესებულება ოქტომბერში გაიხსნება, ხოლო მეორეს გახსნის ვადები, ჯერჯერობით, უცნობია.