პრემიერი: მესტიაში უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები

844

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში არანაირი ისეთი რისკი არ არსებობს, რომელიც შეიძლება, რაღაც ემოციების საფუძველი გახდეს.

გახარიას სიტყვებით, მესტიაში უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები, რათა აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი.

მანვე აღნიშნა, რომ მესტიაში მყოფი ტურისტები უყურადღებოდ არ დარჩებიან:

„ჩვენ დეტალურად ვმართავთ ამ პროცესს. არანაირი ისეთი რისკი არ არსებობს, რომელიც შეიძლება, რაღაც ემოციების საფუძველი გახდეს. წყნარად, მშვიდად, ეს იქნება მესტიაში სპეციალური ღონისძიებები, გადაადგილების ნაწილობრივ შეზღუდვაც იქნება. სამედიცინო ბრიგადები უკვე იწყებენ იქ გაძლიერებულ ტესტირებას. სამეგრელოში და მთლიანად საქართველოში სრულად არის მობილიზებული საჰოსპიტალო სისტემა, რათა, თუ ინფიცირებულების გარკვეული რაოდენობრივი ზრდა გვექნება, წყნარად, მშვიდად, როგორც აქამდე ვაკეთებდით, ასევე ვმართოთ ეს ციფრები. ასე რომ, ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება. გადაადგილება კი თავად რეგიონის შიგნითაც შეიზღუდა.

გარდა ამისა, ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის. ამასთან, მესტიის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს შეეძლებათ, ადგილზე არსებულ „ცხელების ცენტრს“ მიმართონ.

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სვანეთში ქმედებები დროულად დაიწყო და არ აქვს მოლოდინი, რომ პაციენტების მაღალი რიცხვი იქნება.

რეგიონულ საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პროდუქტის მომარაგების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნება.