„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად გაიმარჯვებს.
„დიდი მადლობა! მადლობა ყველას, რომ ამ კახურ, თაკარა მზეზე, რომელიც ყურძნის დამწიფებას უწყობს ხელს, ასე შევიკრიბეთ! მე, ოთხი წლის წინ, როდესაც მქონდა შემოთავაზება, თბილისში გამეგრძელებინა ჩემი პოლიტიკური საქმიანობა თუ წამოვსულიყავი კახეთში, მე უყოყმანოდ ავირჩიე აქ წამოსვლა, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის იყო გარკვეული გამოწვევა ჩემი მშობლიური მხარისთვის მემსახურა, გამეკეთებინა ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად გატერებული 4 წელი იყო და არის ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წლები. ბევრი გამოწვევა გვაქვს, ბევრ გამოწვევასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ, მაგრამ როგორც იტყვიან, საქმე, გასაკეთებელი და საზრუნავი საკმაოდ დაგვრჩა.
ამიტომ, როდესაც დადგა ჩემი კანდიდატურა მე მხოლოდ და მხოლოდ ამას განიხილავ, როგორც უკვე ერთად გაკეთებული და განვლილი გზის გაგრძელებას. გზისა, რომელიც ემსახურება და მოემსახურება იმას, რომ თვითმმართველობა იყოს უფრო ძლიერი, უფრო აღჭურვილი იმ ინსტრუმენტებით, რომელიც მას მისცემს მეტ საშუალებას, უფრო ეფექტურად, სწრაფად, კონკრეტულად მოემსახუროს თავის მოქალაქეებს და მათ ინტერესებს. რეგიონალური მმართველობა იყოს ისეთი ძლიერი, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო მეტი ინვესტიცია, უფრო მეტი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პროექტები განახორციელოს რეგიონში. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ყველა ის სიკეთე, რომელიც აქამდე მოტანილია, კიდევ უფრო გამრავლდეს, უფრო ხელმისაწვდომი და ხელშესახები გახდეს თითოეული ჩვენი თანამოქალაქისათვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, ცოდნა, შრომა და გამდიდრება.
„მხოლოდ მდიდარ, განათლებულ, თავის თავში დარწმუნებულ, ღირსების მატარებელ ქვეყანას შეუძლია იამაყოს თავისი წარსულით, აწმყოთი, მომავლით და მხოლოდ ასეთი ქვეყანა აერთიანებს მომავალს, მთლიან საქართველოს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასახლე, ის მეფე, რომელიც აქ იყო მაგალითი მთელი საქართველოსთვის თავმდაბლობისა, მსახურებისა, თავდაუზოგავი ღვაწლისა სამშობლოს წინაშე, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაერთიანებს და ჩვენ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ერთად უნდა ვიყოთ საქართველოს წარმატებისათვის.
დიდი მადლობა იმ ნდობისთვის, რომელიც თქვენ ყველამ დღეს აქ მობრძანებით გამომიცხადეთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” 20 ივლისს ირაკლი ქადაგიშვილი კახეთში თელავის, ახმეტის, ყვარელისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პოლიტიკურ თანამდებობები 1 აგვისტოს დატოვეს. დღეს კი, პოლიტიკურმა გაერთიანებამ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთით დაიწყო.