წყლის მილების დაზიანების გამო ახალციხეში სამი ქუჩა იტბორება

902

ახალციხეში სასმელი წყლის მილების დაზიანების გამო, გამსახურიას, ორბელიანისა და კეცხოველის ქუჩები იტბორება. ზოგიერთი მილი შეაკეთეს, თუმცა, პრობლემა ვერ მოგვარდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ორბელიანი ქუჩის სავალ ნაწილზე, სასამელი წყლის მილებიდან წყალი ბოლო სამი წელია სისტემატურად გადმოდის. ზაფხულში აქაურობა იტბორება, ზამთარში კი ქუჩაზე გადმოსული წყალი იყინება და კიდევ ერთ სირთულეს ქმნის. მოსახლეობას პრობლემის მოგვარების იმედი უკვე აღარ აქვს.

„სამი წელია ასფალტი დააგეს, როცა გზა კეთდებოდა ვუთხარით მაშინ მილების გამოცვლაზე, მაგრამ ასე გვითხრეს, ჩვენ მილებს ვერ გამოვცვლითო, რაღაც ნაწილი ჩვენი სახსრებით გამოვცვლეთ, მაგრამ საკმარისი არ არის. ხან ერთგან ამოხეთაქვს, ხან მეორეგან. ზამთარში საშინელებაა აქ გავლა, ყოველთვიურად უარესდება მდგომარეობა“,– ამბობენ ორბელიანის ქუჩაზე მცხოვრებლები.

მსგავის პრობლემის წინაშე დგას გამსახურდიასა და კეცხოველის ქუჩების მოსახლეობაც.

„წყალი როცა მოდის, მთელი ქუჩა იტბორება, გზაც ფუჭდება, გავლაც გვიჭირის. დიდიხანია უკვე ეს პრობლემაა, განსაკუთრებით სააღამოობით“,– გვითხრეს გამსახურდიას ქუჩაზე.

„გაერთიანებული წყამომარგების კომპანიის“ სამცხე–ჯავახეთის ფილიალში აცხადებენ, რომ ეს პრობლემები მათთვის ცნობილია. მოსაგვარებლად კი, სხვადასხვა გზა განიხილება. კომპანიის მენეჯერის, გიორგი გრიგოლაშვილის განმარტებით, ამ ქუჩებზე ძველი მილებია და მწყობრიდან არის გამოსული. შესაბამისად, მათი გამოცვლაც უახლოეს პერიოდში ვერ მოხერხდება.

„ეს არის წლობით დაგროვებული პრობლემა, რომელიც ერთ დღეში და ერთ თვეში ვერ გადაწყდება. სრულად ამორტიზებულია მილები. კომუნისტების პერიოდშია ჩალაგებული და აქვს საკმაოდ დიდი დაზიანება. ახლა მუშავდება პროექტი, რომელიც არის მთლიანი ქალაქის ერთი ნაწილის სარეაბილიტაციო გეგმა და მეორე ნაწილზე მაგისტრალური მილების. ამიტომ ამ ქუჩებზე პრობლემა კომპლექსურად უნდა გადაწყდეს და გადაწყდება კიდეც“.

კითხვაზე, რა დროა საჭირო იმისთვის, რომ ქუჩები აღარ იტბორებოდეს, კომპანიაში დაზუსტებით ვერ საუბრობენ: „ჩვენ შევაკეთეთ გამსახურდიაზე გარკვეული მონაკვეთი. მე თავად ვიყავი, ექვსი წერტილია დაზიანებული. ასევე სულხან–საბაზეც ორგან ამოდის წყალი, მაგრამ მიუხედავად ამისა, წყალდენა მრავლად გვაქვს. ამ დაზიანებებს მივხედავთ მას შემდეგ, რაც დავამთავრებთ ქალაქის ცენტრში საკანალიზაციო ქსელის მშენებლობას, მაგრამ ეს არ იქნება გამოსვალი, ეს იქნება პრობლემის დროებით დახურვა. რადგან მაგისტრალი საკმაოდ დაზიანებულია. კომპანია განიხილავს რამდენიმე ვერსიას, სპეციალური საპროექტო ჯგუფიც ჩამოსული იყო, რომელიც მოამზადებს ტექნიკურ პირობას სატენდეროდ“,–ამბობს გრიგოლაშვილი.

მენეჯერის განმარტებით, გარდა ძველი მილებისა, რომლებსაც გამოცვლა სჭირდება, ხშირად მოსახლეობის მხრიდან ქსელზე თვითნებური და არალეგალური მიერთებებიც ხდება, რაც ასევე აზიანებს სისტემას.