ქარელის მერს 500-ლიტრიანი ავზის ნაცვლად 200-ლიატრინი ავზი ჩააბარეს

459

ქარელის მერიაში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვით ფცასა და ბრეთის მეურნეობის სკოლებში ინდმეწარმე გულნარა ბალახაძემ გათბობის სისტემების მონტაჟი დაასრულა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

კომპანიამ მერიაში სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი ფორმა #2 წარადგინა, თუმცა, როგორც მერის მოადგილე აცხადებს, ინსპექტირების ჯგუფმა ადგილზე შესწავლის შედეგად ნაკლოვანებები აღმოაჩინა.

კერძოდ, გაარკვიეს, რომ დამონტაჟებული იყო არა 500-ლიტრიანი ავზები, არამედ, 200-ლიტრიანი ავზები. ამის გამო, ზაზა გულიაშვილმა ე.წ. შავ სიაში “გულნარა ბალახაძის” შეყვანა მოითხოვა.

“გულნარა ბალახაძის” წარმომადგენელი ტარიელ გოჩაშვილი აცხადებს, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ერთი კვირის შემდეგ გამოთქმული პრეტენზია გახდა იმის ერთ-ერთი საფუძველი, რომ კომპანია შავ სიაში არ შეიყვანეს:

“თავისთავად, როცა ობიექტი ჩავაბარეთ, მერე გაჩნდა პრეტენზია, რასაც არ ვეთანხმებოდით სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებაში. სამუშაო შესრულდა, უბრალოდ, არ იყო 500-ლიტრიანი ავზის საჭიროება და დააყენეს 200-ლიტრიანი ავზი. ჩვენ მხოლოდ გაფრთხილებით შემოვიფარგლეთ”, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ტარიელ გოჩაშვილი.

ქარელის მერიის პოზიციის თანახმად, კომპანიამ შეასრულა 157 349,44 ლარის ღირებულების სამუშაოები (სრული მოცულობის 88%), ხოლო შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 3 017,78 ლარს. ორივე სკოლაში 2 ცალი საცირკულაციო ტუმბის ნაცვლად მოწყობილი იყო 1 ცალი. გარდა ამისა, 500-ლიტრიანი საფართოვებელი ავზის ნაცვლად მოწყობილი იყო 200-ლიტრიანი ავზი.

ორივე სკოლის დირექტორი qartli.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სისტემა კარგად მუშაობს, თუმცა კომპანიასა და მერიას შორის არსებული დავის დეტალები მათთვის ცნობილი არაა.