ვინ აგებს პასუხს ხარაგაულის ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე

535

წინა სტატია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ექვსი თვის გეგმა სანახევროდ შესრულდა.

ბიუჯეტის შემოსულობები, ნაცვლად 8 341, 4 ათასი ლარისა, 4 897,4 ათასი ლარით შესრულდა, გადასახდელები 11 885,2 ათასი ლარის ნაცვლად 5 684,1 ათასი ლარით დაფინანსდა. ამის შესახებ სიუჟეტს ჩემი ხარაგაული ავრცელებს.

ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი ამბობს, რომ „შემოსულობების გეგმის შეუსრულებლობა კორონავირუსით გამოწვეულ საგანგებო მდგომარეობას უკავშირდება. რაც შეეხება ხარჯებს, მუნიციპალიტეტმა ვერ აითვისა სახელმწიფო ფონდებიდან ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი თანხები“.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეუსრულებლობის მიზეზად მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან არადროულ რეაგირებას მიიჩნევს. ის ამბობს, რომ მდგომარეობის შესაცვლელად პასუხისმგებლიანი ადამიანები გვჭირდება.

მდგომარეობის გამოსწორებას არ ელოდებიან ხარაგაულის საკრებულოს წევრები ოპოზიციური პარტიებიდან.

უკეთესობისკენ ცვლილების იმედი არც მოსახლეობას აქვს, რადგან სოფლებში გზების, ხიდ-ბოგირებისა და წყალმომარაგების სისტემების მოწყობა ძალიან დაგვიანდა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 13 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, პირადი განცხადების საფუძველზე, გადადგა. ერთი წლით ადრე, 2019 წლის 8 მაისს კი დაკავებული პოსტი, ასევე პირადი განცხადების საფუძველზე, ხარაგაულის მერის პირველი მოადგილემ, არჩილ მაღრაძემაც დატოვა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია 3 აგვისტოს სხდომაზე ცნობად მიიღო.