ხარაგაულის ბიუჯეტი, ექვსი თვის მონაცემებით, სანახევროდ შესრულდა

1326

შემდეგი სტატია

ხარაგაულის ბიუჯეტის ექვსი თვის შემოსულობების გეგმა 58.7%-ით შესრულდა, გადასახდელები კი 47.8%-ით დაფინანსდა. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ხარაგაულის ბიუჯეში 8 341,4 ათასი ლარის ნაცვლად, 4 897,4 ათასი ლარი შევიდა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაგეგმილი 3 889,0 ათასი ლარიდან ხარაგაულის ბიუჯეტმა მხოლოდ 978,8 ათასი ლარი მიიღო, რადგან ამ ფონდიდან თანხები სამუშაოების შესრულების შესაბამისად ირიცხება.

ხარაგაულის ბიუჯეტიდან გადასახდელები, ექვსი თვის მონაცემებით, 11 885,2 ათასი ლარის ნაცვლად 5 684,1 ათასი ლარით დაფინანსდა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით წელს ხარჯები 611,7 ათასი ლარით შემცირდა.

ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შედეგებზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს.

ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი ბიუჯეტის სანახევროდ შესრულების მიზეზად, კორონავირუსის პანდემიასთან ერთად, სხვა სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზებს ასახელებს.

„ამის წამალი არ არსებობს, საქმის მიმართ მეტი მოთხოვნაა საჭირო, – ამბობს ვლადიმერ გელაშვილი, – ხარჯების ნაწილში გეგმის შეუსრულებლობა რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული თანხების აუთვისებლობამ გამოიწვია. გასული წლის ნაშთები ჩვენს ბიუჯეტში ისევ და ისევ აუთვისებელია. ცენტრალური ბიუჯეტიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრულ თანხებს პროექტების შესრულების შესაბამისად ვითხოვთ. ამიტომ იქაც ჩამორჩენა გვაქვს“, – ამბობს ვლადიმერ გელაშვილმა.

ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ვალერი ჭიპაშვილის შეფასებით, ხარჯების ნაწილში ბიუჯეტში „ცუდზე-ცუდი მდგომარეობაა“.

„ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანხების აუთვისებლობამ  ბიუჯეტი დაანგრია, – ამბობს ვალერი ჭიპაშვილი, – ასეთი მაჩვენებლები იმაზე მეტყველებს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურის მიმართულებით მასზე დაკისრებული მოვალეობები ჯეროვნად ვერ შეასრულა.

მერია პანდემიის დროს გვარწმუნებდა, რომ მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდებოდა. თუმცა, ციფრები გაიყინა.

2018 წელს პანდემია არ ყოფილა. ამ წლის პროექტები კი ჯერ კიდევ შეუსრულებელია. ბიუჯეტის ამ მაჩვენებელზე პასუხისმგებლები არიან მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები და საკრებულოს დეპუტატები. მზად ვართ, მივიღოთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მერიის მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის. ბიუჯეტში ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ ბევრი და სწორი მუშაობით ამ ციფრების გამოსწორება შესაძლებელია“.

„მერიის სამსახურების უფროსები, რომელებიც ბიუჯეტის ასეთ მაჩვენებელზე პასუხისმგებლები არიან, შვებულებაში იმყოფებიან. შესყიდვების, ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსები ახლა ისვენებენ. ეს, ჩემი შეფასებით, საბოტაჟის ელემენტებს შეიცავს. ამაზე საკრებულომ სწორი და დროული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“, – ამბობს საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძე.

„ჩვენ „მთავარი დამნაშავე პირი“ უკვე გვყავს, – ამბობს ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, – ახლა შეგვიძლია მანამდე, ახლაც და მის შემდეგ გაფუჭებული საქმეები თამამად მივაბრალოთ და მივაწეროთ იმ პირს, რომელიც უკვე სახლში წავიდა.

სამწუხაროა, რომ საკრებულომ ვერ შეძლო ყველა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხების მიღება. საკრებულოში ვამბობთ, რომ ვიმსჯელოთ, ვისთან ერთად ვიმსჯელოთ?! ყველა კითხვაზე ვლადიმერ გელაშვილს უწევდა პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ საკრებულო ვერ იყო. არც არასოდეს იქნება თავის სიმაღლეზე საკრებულო, რომელიც საქმიანობას კანონის შესაბამისად ვერ წარმართავს. უმრავლესობის წევრები დღეს აქ სვამთ კითხვებს ისე, თითქოს დღეს რაღაც მოულოდნელობებს წააწყდით“.

საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ინგა მაღრაძის პოზიციას დემაგოგიად აფასებს.

2020 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ხარაგაულის საკრებულო 3 აგვისტოს სხდომაზე განიხილავს.