ახალციხეში, სვიმონ კანანელის ქუჩაზე, საკანალიზაციო ქსელის მოწყობის დროს მუშებმა დიდი ზომის გათლილი ქვა ნახეს. სავარაუდოდ, იგი ქალაქის ძველი წყალგაყვანილობის ნარჩენია. ადგილზე სპეციალისტებს ელოდებიან. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
საკანალიზაციო ქსელს ამაღლების სახელობის ტაძრის უკან, სვიმონ კანანელის ქუჩაზე „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აწყობს. სამუშაოებისას კი დაახლოებით ორი მეტრის სიღრმეზე გათლილი ქვა ნახეს, რომელსაც ავაზნის ფორმა აქვს.
ადგილობრივი ისტორიკოსების დაკვირვებით, იგი მე-19 საუკუნეში, ქალაქში არსებული წყალგაყვანილობის ნარჩენი უნდა იყოს. კერძოდ, წყალგამანაწილებელი ქვა, რომელიც წყლის ნაკადს სხვადასხვა მიმართულებით ანაწილებდა.
„ეს წყალგაყვანილობა მე-19 საუკუნის 40-იან წლებშია გაყვანილი, როცა ქალაქის ახალი ნაწილი შენდებოდა. ისიც ცნობილია, ვინ მუშაობდა ქალაქის ამ სექტორში, თან მანდ ახლოში იყო ულამაზესი აბანო, რომელიც მარაგდებოდა ამ წყალგაყვანილობით“, – განმარტავს ისტორიკოსი ცირა მესხიშვილი.
ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ ქვას რაბათის კომპლექსში გადაიტანენ: „ზუსტად რა არის არ ვიცით, ჯერ სპეციალისტებს არ შეუსწავლიათ. გადავიტანთ ციხის ტერიტორიაზე“, -ამბობენ ქალაქის მერიაში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადეს, რომ ნაპოვნი ქვის დიდი ფილის შესასწავლად არქეოლოგენი დღეს, 4 აგვისტოს ადგილზე ჩავლენ. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, რა ტიპის ნარჩენია ნანახი.