ISFED: წინასაარჩევნო პერიოდში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევა 5 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა

474

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

წინასაარჩევნო პერიოდში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევა 5 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების” წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შეიმჩნევა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა გათავისუფლება, „რაც სავარაუდოდ, უკავშირდება წინასააარჩევნო კამპანიის უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზანს და ამ პროცესში, მერის წარმომადგენელთა ჩართულობას”. კვლევის თანახმად, მსგავსი ფაქტები სამ მუნიციპალიტეტში: ზუგდიდში, ტყიბულსა და ჭიათურაში დააფიქსირეს.

რაც შეეხება, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის ფაქტებს, კვლევის თანახმად ასეთი 5 ფაქტი გამოვლინდა.

„სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის ფაქტი განხორციელდა მარნეულში. „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი აქტიური წევრის ოჯახში, მარნეულის პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკისას, პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ, იყო ნარკოტიკის ჩადების მცდელობა. ასევე, „ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენლები აღნიშნავენ მათ აქტივისტებზე განხორციელებულ ზეწოლა/მუქარის ფაქტებზე, რის გამოც უჭირთ პოლიტიკური აქტივობა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა”,- აღნიშნულია კვლევაში.

ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები გამოვლინდა საჩხერესა და ლაგოდეხში.

„აღსანიშნავია 8 ივლისს, სამუშაო საათებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შეკრება „ქართული ოცნების” ოფისში, სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ პარტიული ინსტრუქციის მისაღებად, თუ როგორ უნდა იმუშავონ, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში „ქართული ოცნების” სასარგებლოდ”,- აღნიშნულია ანგარიშში.

კვლევა ჩატარებულია 2020 წლის 5 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით.