წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, სავარაუდო მოსყიდვის 4 ფაქტი გამოვლიდა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოფიციალურად დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატების მიერ, 1 შემთხვევა პარტია “ლელო საქართველოსთვის” მიერ, 2 ფაქტი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, ხოლო თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ -1 ფაქტი.
“ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. “სამართლიანი არჩევნების” მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში, მსგავსი 8 ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის, ცაგერში, ამბროლაურსა და ონში ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვა მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის სახელით. ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ნიშნები გამოვლინდა ოპოზიციური პარტიების “ლელო საქართველოსთვის” და “ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობაშიც, რომლებმაც სოციალური დახმარების აქტები განახორციელეს. კერძოდ, “ლელო საქართველოსთვის” სოფელ გლდანში არსებულ მოხუცთა პანსიონატს დაეხმარა, ხოლო- “ნაციონალური მოძრაობის” ხელვაჩაურის მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ორ ოჯახს სურსათი გადასცა”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში.
კვლევა ჩატარებულია 2020 წლის 5 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით.