სახნავ-სათესები, საძოვრები, ტყეები, პირდაპირ და უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს ქართველ ხალხს, – ეს არის “ევროპული საქართველოს” დაპირება, რომელზეც დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ქონების ძალიან დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია და ეს ქონება იხარჯება პრივილეგირებული მმართველების ათეულობით ათას ლარიან ხელფასებზე, მიდის და ილექება მთავრობის ჯიბეებში.
“ამიტომაც ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი იქნება საქართველოს ქონების ქართველი ხალხისთვის დაბრუნება. კონკრეტულად, მთელი მიწა, სასოფლო-სამეურნეო, სახნავ-სათესები, საძოვრები, ტყეები, პირდაპირ და უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს ქართველ ხალხს”, – განაცხადა მან.
ასევე, წაიკითხეთ: გადასახადებს შევამცირებთ – “ევროპული საქართველოს” საარჩევნო დაპირება
მისი თქმითვე, საარჩევნო პროგრამის ნაწილია ისიც, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე სახელმწიფო საწარმოებში წილის მფლობელი გახდეს.
“სახელმწიფოს ხელშია სახელმწიფო საწარმოები, რომელთაც უნდა მოჰქონდეთ ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ლარის მოგება და ვერ მუშაობს კორუფციის და არასწორი მართვის გამო. ჩვენი პროგრამის ნაწილია, რომ ყველა სახელმწიფო საწარმოში, ყველა უძრავ ქონებაში საქართველოს თითოეული მოქალაქე დარეგისტრირდეს, როგორც მეწილე და ნებისმიერი მოგება, რომელსაც მოიტანს ეს საწარმოები, წავიდეს ხალხთან და არა – მთავრობასთან. საქართველოს ქონება ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა საქართველოს ხელისუფლებას”, – განაცხადა ბაქრაძემ.
ასევე, წაიკითხეთ: კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია – “ევროპული საქართველოს” სამი მთავარი დაპირება
კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია – ეს არის სამი დაპირება, რომელსაც “ევროპული საქართველო” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, არჩევიდან 100 დღის განმავლობაში მოსახლეობას ჰპირდება.