კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია – “ევროპული საქართველოს” სამი მთავარი დაპირება

450

წინა სტატია

კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია – ეს არის სამი დაპირება, რომელსაც “ევროპული საქართველო” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, არჩევიდან 100 დღის განმავლობაში, მოსახლეობას ჰპირდება.

როგორც პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, პირველი და უმთავრესი დაპირება კეთილდღეობაა, ვინაიდან დღეს საქართველოში უმუშევრობა, სიღარიბე, ზრდადი ფასები და გაჭირვებაა.

პარტია ამბობს, რომ, უპირველესად, შეამცირებს გადასახადებს, ვინაიდან ეს არის კრიზისის პირობებში ბიზნესის გადარჩენის შესაძლებლობა, ხოლო ბიზნესის გადარჩენით აღარ შემცირდება სამუშაო ადგილები. გაძლიერებული ბიზნესი კი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მოაგვარებს ქვეყანაში დასაქმების პრობლემას.

“ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ სწორედ გადასახადების დაწევა არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც ფასების ზრდას შეაკავებს და თითოეულ ოჯახს წელიწადში 2000 ლარს დაუზოგავს.

პარტია ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ქონების ძალიან დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია და ეს ქონება იხარჯება პრივილეგირებული მმართველების ათეულობით ათას ლარიან ხელფასებზე, მიდის და ილექება მთავრობის ჯიბეებში.

“ამიტომაც ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი იქნება საქართველოს ქონების ქართველი ხალხისთვის დაბრუნება. კონკრეტულად, მთელი მიწა, სასოფლო-სამეურნეო, სახნავ-სათესები, საძოვრები, ტყეები, პირდაპირ და უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს ქართველ ხალხს”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას დავით ბაქრაძემ.

ასევე წაიკითხეთ: ვინ იბრძოლებენ რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებად “ევროპული საქართველოდან”

 

მისი თქმითვე, საარჩევნო პროგრამის ნაწილია ისიც, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე სახელმწიფო საწარმოებში წილის მფლობელი გახდეს.

“სახელმწიფოს ხელშია სახელმწიფო საწარმოები, რომელთაც უნდა მოჰქონდეთ ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ლარის მოგება და ვერ მუშაობს კორუფციის და არასწორი მართვის გამო. ჩვენი პროგრამის ნაწილია, რომ ყველა სახელმწიფო საწარმოში, ყველა უძრავ ქონებაში საქართველოს თითოეული მოქალაქე დარეგისტრირდეს, როგორც მეწილე და ნებისმიერი მოგება, რომელსაც მოიტანს ეს საწარმოები, წავიდეს ხალხთან და არა – მთავრობასთან. საქართველოს ქონება ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა საქართველოს ხელისუფლებას”, – განაცხადა ბაქრაძემ.

პარტიის ლიდერის თქმით, კეთილდღეობა არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანი დაცული არ არის, ამიტომაც, პარტიის მეორე დაპირება მოქალაქის დაცულობაა.

“ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ საქართველოში დაბრუნდა კრიმინალი, დაბრუნდა პრობლემები, რომლებიც დავიწყებული გვეგონა. ამიტომ კრიმინალის დამარცხება და თითოეული ოჯახის დაცულობა იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ და ვიცით, როგორ დავამარცხოთ კრიმინალი, მაგრამ ჩვენ იმ წლებიდან ბევრი რამე ვისწავლეთ, არა მხოლოდ კარგის, არამედ ცუდის გამოცდილებითაც, ამიტომ კრიმინალი უნდა დავამარცხოთ ისე, რომ, ამასთან ერთად, მთლიანად იყოს დაცული ადამიანის უფლებები და მივაღწიოთ იმას, რასაც ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მიაღწია ამ ქვეყანაში – შევქმნათ თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, როგორც ქვაკუთხედი ადამიანის უფლებების დაცვისა საქართველოში”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ბაქრაძემ.

ასევე, წაიკითხეთ: ვახტან კალოიანი, თემურ კახიძე – “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში

 

ბოლო დაპირება, რასაც “ევროპული საქართველო” გასცემს, არის დასავლეთთან ინტეგრაცია.

“დასავლეთთან ინტეგრაცია არ არის ცარიელი სიტყვები. ჩვენ გვჭირდება დასავლეთთან ინტეგრაცია, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციას და მეტ სამუშაო ადგილს ქვეყანაში. ამისთვის გვჭირდება თავისუფალი ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვჭირდება დასავლეთთან ინტეგრაცია იმიტომ, რომ ეს ნიშნავს უსაფრთხო საქართველოს, რომელიც არის ნატოს წევრი და სწორედ საერთაშორისო თანამეგობრების დახმარებით და ევროატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზით, ჩვენ დავამარცხებთ მშვიდობიანად რუსულ ოკუპაციას და აღვადგენთ საქართველოს მთლიანობასა და ერთიანობას”, – განაცხადა პარტიის ლიდერმა.

როგორც “ევროპული საქართველო” გვპირდება, პარტია დეტალურ პროგრამას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.