WB: რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 64% სახელმწიფოს ეკუთვნის, დაახლოებით 1 მლნ მიწის ნაკვეთი კი არარეგისტრირებულია

1007

წინა სტატია

შემდეგი სტატია

2021 წლის მონაცემებით, რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 64 პროცენტი ეკუთვნის და იმართება სახელმწიფო ორგანოების მიერ, ხოლო დაახლოებით ერთი მილიონი მიწის ნაკვეთი ქვეყნის მასშტაბით, ძირითადად სოფლად, ჯერ არ არის რეგისტრირებული – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ორგანიზაცია, ასევე, წერს, რომ სახელმწიფო მიწის მართვისა და განაწილების პასუხისმგებლობა მკაფიოდ არ არის გამიჯნული ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. ამის შედეგად კი, სოფლის ზოგიერთი მაცხოვრებელი ტოვებს თავის მეურნეობას, რადგანაც სახელმწიფო მიწების მართვის სისტემა არაეფექტურია და მიწაზე საკუთრება დაუცველია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც იჯარით იღებს სახელმწიფო მიწას.

ამასთან, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აქვს სახელმწიფო მიწის ინვენტარიზაციის არასრული მონაცემები (მიწის მხოლოდ 72%-ია რეგისტრირებული) და მიწის იჯარის სტატუსის არასრული მონაცემები (მონაცემები სრულია და განახლებული მხოლოდ 2014 წლიდან დადებული იჯარებისთვის). 2014 წლამდე გაფორმებული იჯარისა და დაურეგისტრირებელი მიწის ქირავნობის საფასური, შესაბამისად, არ არის გადახდილი.

“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყოფისა და მონიტორინგის სისტემა არ აძლევს ფერმერებს (განსაკუთრებით, მცირე ფერმერებს) იჯარის განახლებისთვის, ან გრძელვადიანი დაგეგმვისთვის საჭირო თვალსაჩინო ინფორმაციასა და
პროგნოზირების საშუალებას, შესაბამისად, ზღუდავს მათ სურვილს, განახორციელონ ინვესტიციები მრავალწლიან კულტურებში, ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესებაში და ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მოვლაში”, – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია თვლის, რომ ეს მდგომარეობა პირდაპირ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ დაკარგულ შემოსავლებზე და არაპირდაპირ ზეგავლენას ახდენს სოფლის მეურნეობიდან სათბურის აირების ემისიებზე, რადგან მრავალწლიანი კულტურების მოყვანა საშუალოდ სამჯერ მეტად შეამცირებდა სათბურის აირების ემისიას.

“საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბაზრების გაუმჯობესება საშუალებას მისცემს კერძო სექტორს, მეტი ინვესტიციები განახორციელოს სოფლის მეურნეობაში ღირებულების კულტურების წარმოებაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის მონაცემებით, ამჟამად რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 64% კვლავ სახელმწიფო საკუთრებაშია და დაახლოებით ერთი მილიონი მიწის ნაკვეთი ქვეყნის მასშტაბით, ძირითადად სოფლად, ჯერ არ არის რეგისტრირებული. სახელმწიფო მიწის მართვისა და განაწილების პასუხისმგებლობა მკაფიოდ არ არის გამიჯნული ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. ამის შედეგად, სოფლის ზოგიერთი მაცხოვრებელი ტოვებს თავის მეურნეობას, რადგანაც სახელმწიფო მიწების მართვის სისტემა არაეფექტურია და მიწაზე საკუთრება დაუცველია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც იჯარით იღებს სახელმწიფო მიწას. ეს ორი ფენომენი იწვევს სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტოვებას, ან არაეფექტურ გამოყენებას, საძოვრების გადაძოვებას და ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაში, ინვესტირების სტიმულის შემცირებას”, – წერს მსოფლიო ბანკი.

ორგანიზაცია, ასევე, მიიჩნევს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა უკვე პრივატიზებული მიწების მაღალი ფრაგმენტაციაა, რომელიც აფერხებს ინვესტიციებს, აგრობიზნესის განვითარებასა და კომერციალიზაციას.

მსოფლიო ბანკის თქმით, ფერმერებისთვის კრედიტების შეზღუდული ხელმისაწვდომობა არის ტექნოლოგიებისა და საშუალებების გამოყენების გაზრდის ძირითადი დაბრკოლება და დიდწილად დაკავშირებულია გირაოს ნაკლებობასთან, რადგან საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი მიწის მხოლოდ 72%-ია რეგისტრირებული. ორგანიზაციის ინფორმაციით, რეგისტრირებული არის სამიდან ერთი ნაკვეთი. ეს თანაფარდობა კიდევ უფრო დაბალია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის.

“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პრივატიზაციის პროცესი პრაქტიკულად შეწყდა 2010 წლიდან. კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფრაგმენტაციის მაღალი დონისა და სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განაწილებისა და მართვის გარკვეული არაეფექტურობის გათვალისწინებით, მიწების ნაკვეთების შეფასებისა და დაბეგვრის მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებამ და განხორციელებამ, შეიძლება, ხელი შეუწყოს მიწის ნაკვეთების კონსოლიდაციას მათ მიერ, ვისაც სურს მიწის ნაკვეთების ისეთი გამსხვილება, რომელიც შესაფერისი იქნება კომერციული სოფლის მეურნეობისთვის და მიმზიდველი იქნება ადგილობრივი და უცხოური კერძო ინვესტიციებისთვის”, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.