“როსტომ მეფის ქალაქის” სახელით ცნობილი კოშკებისა და გალავნის რეაბილიტაცია დაიწყო. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში სამუშაოებს კომპანია “ივერთმშენი” ახორციელებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
პროექტით გათვალისწინებულია კომპლექსის სრული აღდგენა, ნაგებობის ეზოში საგამოფენო დარბაზის, საოფისე სივრცის, მოსასვენებლის, საინფორმაციო ცენტრისა და ამფითეატრის მოწყობა.
სამუშაოების ღირებულება 557 602 ლარია, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
კომპლექსის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება.
“კასპის მუნიციპალიტეტი მდიდარია ტურიზმის ობიექტებით. მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ტურისტული ობიექტების და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას,” – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა.