ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში ერთი წლის წინ განახლებული გზა დაზიანდა

863

ახალციხეში, სოფელ ივლიტაში, 1 178–მეტრიან მონაკვეთზე,რთული წარმოსადგენია, რომ ასფალტი სულ რაღაც ერთი წლის წინ დაიგო. დაახლოებით, 7 ადგილზე, გზის სავალი ნაწილი ჩავარდნილია, ასფალტი კი დამსკდარი.

ადგილობრივები ასფალტის დაზიანების რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. მათი თქმით, გზა მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის გამო დაზიანდა.ნაწილი კი ფიქრობს, რომ მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია.

„მძიმე ტექნიკა დადის, ცხელა, ასფალტი რბილია და მაგიტომ დაიწია რამდენიმე ადგილას, მე ასე ვფიქრობ“, – ამბობს სოფელ ივლიტაში მცხოვრები სიმონ გიქოშვილი.

მძიმე ტექნიკის მოძრაობას უკავშირებს გზის დაზიანებას ვალოდია ბაღდოშვილიც: „დიდმა მანქანებმა იარეს, ალბათ გზაც არ იყო ხარისხიანი“.
ივლიტაში გზის დაზიანების შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი თვითმმართველობა. მეტიც, ახალციხის გამგეობაში ადასტურებენ, რომ დაზიანება მასშტაბურია.

„როგორც ჩანს საფუძვლის ნორმალური დამუშავება არ მოხდა, ასე ვთქვათ, დატკეპვნა და მძიმე ტრანსპორტის მოძრაობას ვეღარ გაუძლო გზამ. გაფრთხილებული გვყავს კონტრაქტორი, ზეპირი კომუნიკაცია გვქონდა, საგარანტიო ვადაც არ აქვს გასული და ის შეაკეთებს“, – განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველმა ნოდარ ბალახაშვილმა.

კითხვაზე – რატომ ჩაიბარა გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურმა თუ სამუშაო ჯეროვნად შესრულებული არ იყო, გვპასუხობს: „საქმე ძალიან ბევრი იყო და როგორც ჩანს გამორჩენის მომენტია, რაღაცა მოხდა ისეთი, რომელიც ბოლომდე ვერ შევამოწმეთ. როცა გზა ეწყობა, ჩვენ საშუალებაც არ გვაქვს, რომ შევამოწმოთ. ჩვენ ვამოწმებთ საფარს, ასფალტის ხარისხს“.

სოფელ ივლიტაში ასფალტი შპს „არალმა“ გასული წლის სექტემბერში დააგო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 257 640 ლარად შეასრულა, ტენდერი 315 345 ლარზე იყო გამოცხადებული. გზასთან ერთად გაკეთდა სანიაღვრე არხებიც.

შპს „არალის“ ხელმძღვანელი ოთარ თათეშვილი აცხადებს, რომ სოფელ ივლიტაში გზა ხარისხიანად დააგეს. რაც შეეხება დაზიანებულ ასფალტს, აღდგენით სამუშაოებს სექტემბერში დაიწყებენ: „წყალია ჩასული ნაპირიდან, რადგან ერთ ადგილზე გატყდა, წყალი ჩავიდა და აღარ გამაგრდა, რომ გამოშრება, ამოვჭრით, ახალი გრუნტი ჩაიდება და შემდეგ დავაგებთ ასფალტს“.

ოთარ თათეშვილი ივლიტის გზაზე ასფალტის დაზიანების რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს: „ეს ერთი წელიწადი იყო ჩვეულებრივად, მერე მიიღო ბზარი. 40–50 ტონიანი მანქანები დადიოდნენ ამ გზაზე, მაგის კონსტრუქცია არ არის გათვალიწინებული. 3–სანტიმეტრიან ასფალტის ფენას რომ დებენ, ვერ გაუძლებდა ამხელა დატვირთვას. ორი წელი ჩემი ვალდებულებაა, უხარისხოდ შეასრულებ სამუშაოს თუ ხარისხიანად, ის თუ გაფუჭდა, მაინც შენი გასაკეთებელია, ასეა ხელშეკრულებაში“.

ნოდარ ბალახაშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე გზა გრუნტის წყლებმა დააზიანეს: „მე როგორც გავარკვიე, მანდ ძირითადად არის გრუნტის წყლები, წყლების მოქმედების შედეგად გზა დარბილდა და მოხდა ის, რაც მოხდა. საფუძველი უნდა მოწყობილიყო უკეთესად. ჩვენც გაგვეპარა და მშენებლ კომპანიასაც“.

სპეციალისტების განმარტებით, გზის შეკეთების დროს, დამკვეთმა, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების დროს, გეოლოგიური კვლევის ჩატარებაც უნდა გაითვალიწინოს. თუმცა, ეს კონკრეტულ შემთხვევაზეცაა დამოკიდებული: „კვლევა სავალდებულო არ არის. ყოფილი გზა იყო, ნამუშევარი და შესაძლოა ამის გამო არ ჩადეს გეოლოგიური კვლევა სავალდებულოდ. მაგრამ, ფაქტია რომ მოხდა და ვიღაცა შეცდა. გარდა ამისა, ეს კვლევა ძვირადღირებულია და ამ თანხის დახარჯვას ერიდებიან ხოლმე“.

სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ეს გზა გრუნტის წყლების გამო დაზიანდა, მაშინ შპს „არალს“ მისი შეკეთება არ მოუწევს: „მაგაზე პასუხს არ აგებს კომპანია. კომპანია ამორტიზაციიდან გამოწვეულ დაზიანებებს შეაკეთებს და არა გაუთვალისწინებელი ბუნებრივი მდგომარებიდან გამომდინარე. ამაზე პასუხს კომპანია არ აგებს“.

ივლიტის გზაზე საპროექტო–სახარჯთაღციხვო დოკუმენტაცია შპს „ვ.ჩ. და კომპანიამ“ მოამზადა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 16 მარტს, 12 900 ლარზე გამოაცხადა,აღნიშნულმა შპს–მ ტენდერი 6 300 ლარით მოიგო. კომპანიაში აცხადებენ, რომ სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით მათ გზის გეულოგიური კვლევა არ ევალებოდათ.

„ჩემს კომპანიას მხოლოდ სავალი ნაწილის დაპროექტება ეხებოდა. მანდ წყალამრიდების, სანიაღვრე არხების და ცხაურების პროექტი უკვე ჰქონდათ, იყო უბრალოდ სავალი ნაწილი დასაგები. ასფალტი ცალკე ტენდერი იყო, წყალამრიდი საკითხები მე არ მეხებოდა. მე რომ მივედი არსებული გზის საფარის სანახავად,იქ უკვე თხრა დაწყებული იყო, იმისათვის რომ წყალი რომელიც შეიძლება გზასთან მოხვედრილიყო საიდანმე, გრუნტის იქნებოდა თუ ზემოდან ჩამოსული წვიმის სახით“.

გეოლოგიური კვლევა რომ არ ჩატარებულა, ამას ახალციხის გამგეობაშიც ადასტურებენ: „ყველა მონაკვეთზე გეულოგიას ვერ აიღებ, სადაც დაზიანებულია, ერთ ადგილზე, შეიძლება გააკეთო, ყოველ წერტილში ვერ დაარტყავ, რადგან ძვირადღირებულია. არსებობს ლიტერატურა, თუ გაგავფრთხილებდა, რომ აქ არის მეწყერული ზონა და გზა დაჯდება, მაშინ უნდა გვეძებნა ალტერნატიული გზა. ასეთი რამე კი ჩვენ არ გვქონია. ჩვენ გრუნტის წყალთან დაკავშირებით არ გვქონდა ინფორმაცია“.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, უკვე გადაწყვეტილია რომ გზა მშენებელმა უნდა შეაკეთოს. ადგილობრივ თვითმმართველობაში გვარწმუნებენ, რომ როდესაც შპს „არალი“ ივლიტაში გზის აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს, პროცესს სპეციალისტებიც დააკვირდებიან, იმ შემთხვევაში თუ გაირკვა, რომ ასფალტი გრუნტის წყლების გამო დაზიანდა, მაშინ აღნიშნულ სამუშაოსთვის თანხას ახალციხის გამგეობა გამოყოფს.

ოთარ თათეშვილის განმარტებით დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად 15 ტონა ასფალტია საჭირო, რაც დაახლოებით 2500 ლარი ღირს.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე