ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლის რესტავრაცია დასრულდა

1842

ქალაქ ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლის რესტავრაცია დასრულდა. სამუშაოები მოქანდაკე პაატა გიგაურმა განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, ძეგლი გაიწმინდა ქვიშა-ჭავლური მეთოდით, მოიხსნა საღებავების ფენები. გასუფთავდა და შეივსო ძეგლზე არსებული ბზარები და დაიდო მაღალი ხარისხის “ვერნილაკის გრუნტი”.

ძეგლი შეიღება ოქროსფერი სპეციალური გრუნტ-საღებავით, რის შემდეგაც იგი დამუშავდა და საბოლოოდ მუქი ბრინჯაოს ფერი მიიღო. რესტავრაციის შედეგად ძეგლს პირვანდელი სახე დაუბრუნდა. მისმა ფორმამ, რელიეფმა, სამოსის ნაოჭებმა და ორნამენტებმა, ასევე პორტრეტის ხასიათმა, თავდაპირველი გამომსახველობა შეიძინა. მწვანე ფერმა კი, რომელიც ბრინჯაოს ახასიათებს დაჟანგებისას, ჰარმონიული მთლიანობა შექმნა პიდესტალთან. შოთა რუსთაველის რესტავრირებული ძეგლი, დღეს, მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ და მიღება ჩაბარების კომისიის წევრებმა დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, ძეგლს წლების განმავლობაში სრული რესტავრაცია არ ჩატარებია. იგი იყო დაბზარული და საჭიროებდა აღდგენას. გარდა ამისა, მიმდინარეობს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც, სადაც საფეხმავლო ბილიკები ახალი დეკორატიული ფილებით და ბაზალტის ბორდიურებით მოპირკეთდება, მოეწყობა გამწვანების ზოლი და სარწყავი სისტემა.