რუსეთის მეფისწულის, გიორგი ალექსანდრეს ძისა და ასტრონომ სერგეი გლაზენაპის ინიციატივით მე-19 საუკუნეში აგებულ კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მისი აღდგენისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო 85 000 ლარს დახარჯავს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ამ კოშკს 2010 წლის 30 მარტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ დროისათვის, კოშკისგან შემორჩენილია ნახევარიდან ერთ მეტრამდე სიმაღლის კედლის დურაბის ამორტიზებული ნაშთები. საპირე წყობის ქვები თითქმის მთლიანად ჩამოშლილია და მიმოფანტულია გარშემო.
ძეგლის რეაბილიტაციისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 20 ივლისს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „კოლოსეოსთან“ გააფორმა. შესყიდვის ღირებულება 84 745 ლარია.
სამთო ასტრონომიული კოშკი, რუსეთის მეფისწულის, გიორგი ალექსანდრეს ძის და ასტრონომ სერგეი გლაზენაპის ინიციატივით აბასთუმნის ტერიტორიაზე მე-19 საუკუნეში აიგო.
1930-1931 წლებში ლენინგრადის ასტრონომიული ინსტიტუტის და თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის სპეციალისტები ადგილს ირჩევდნენ ახალი ობსერვატორიების ასაშენებლად.
ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხრეთ ნაწილში, აბასთუმანმა, თავიდანვე მიიპყრო მათი ყურადღება. ამის საფუძველი კი ჯერ კიდევ XIX ს-ის მიწურულში მომზადდა, როდესაც აბასთუმანში ზამთარი გაატარა ცნობილმა ასტრონომმა, წარმოშობით გერმანელმა ს.პ. გლაზენპმა და ორჯერადი ვარსკვლავების პოზიტიური დაკვირვება აწარმოა.
დაკვირვება ხდებოდა გლაზენაპის მიერ აგებული კოშკურიდან, რომელსაც წრიული ფორმა ჰქონდა. ქვით ნაგები კოშკის გაგრძელებას წარმოადგენდა თუნუქით გადახურული, ხის მასალით აფიცრული ცილინდრი. კოშკის თავისებულება კი ის იყო, რომ ქვის ცოკოლსა და ხის ცილინდრს შორის დამაგრებული გორგოლაჭების მეშვეობით, ცილინდრი ბრუნავდა ღერძის გარშემო.