“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხელვაჩაურის მერიას პანდემიის დროს სარეზერვო ფონდით არ უსარგებლია. მიშა ბოლქვაძე ამ ინფორმაციას უწყებიდან გამოთხოვილ საჯარო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. იგი ირწმუნება, რომ მერია თანხების დახარჯვას წინასაარჩევნოდ აპირებს და ამ გზით ამომრჩევლების მოსყიდვას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე საუბრობს სამივლინებო ხარჯებზე, საწვავზე და სახელფასო დანამატებზე, რაზეც მიხეილ ბოლქვაძის თქმით, 2013 წლიდან დღემდე 17 მილიონი დახარჯეს.
საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს მერის მოადგილემ უპასუხა.
კახაბერ ფუტკარაძე ამბობს, რომ სარეზერვო ფონდიდან, რომელიც 397 000 ლარი იყო, 284 ათასი დახარჯულია. მერის მოადგილე სამივლინებო ხარჯებთან და საწვავთან დაკავშირებით კი განმარტავს, რომ მიმდინარე წელს ორივე მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირებულია.