უსუფაშვილი: თბილისში, 8 ოლქში კანდიდატები გვეყოლება, შესაძლოა, იყოს გამონაკლისი

528

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კენჭი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში იყაროს. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

„არ არის გამორიცხული დიდუბე-ჩუღურეთში ვიყარო კენჭი. არანაირი წინაპირობა, შეთანხმება და მოლოდინი, რომ იქ არ იქნება სხვა ოპოზიციური კანდიდატი არ არსებობს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისვე თქმით გაერთიანებას „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატები ეყოლება სხვა ოლქებში, სადაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ თავისი კანდიდატები წარადგინა.

„თბილისში, 8 ოლქში ჩვენ კანდიდატები გვეყოლება, მაგრამ შესაძლოა, იყოს გამონაკლისი. ანუ, ეს ვერანაირად ჯდება იმ ფორმულაში, რაზეც ოპოზიცია შეთანხმდა. ჩვენ პატივს ვცემთ მათ შეთანხმებას, გვესმის შეთანხმების მონაწილე ადამიანების მიზნები და ამოცანები, მაგრამ „ლელოს“ ამ თვალსაზრისით აქვს ძალიან ჯანსაღი პოზიციონირება. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთგაგება გვაქვს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ვისთანაც არ ვართ ამ შეთანხმებაში. გვესმის მათი პოზიციონირება და ასევე მათ ესმით ჩვენი. ამიტომ, „ლელო“ მოწადინებული ვართ, რომ რაც შეიძლება მალე, სავარაუდოდ აგვისტოს შუა რიცხვებისთვის, ყველა მხრიდან დასრულდება მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევა – დასახელების პროცესი და გადავერთვებით ჭეშმარიტად საარჩევნო კამპანიაზე. აქ, მნიშვნელოვანი იქნება მაჟორიტარული ოლქების კონფიგურაციები, მაგრამ ჩვენ მოსახლეობას ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა შევუქმნათ, რომ თითქოს კონსტიტუციური ცვლილებით პროპორციული გაუქმდა და მაჟორიტარული დარჩა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.