ქარელი-ხაშურის ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი სავარაუდოდ, ნატო ჩხეიძე იქნება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განუცხადა, შესაძლოა, მის კანდიდატურას ქარელი-ხაშურის ოლქში მხარი გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაუჭიროს.
„საუბარი არის, მაგრამ ჯერ დასაზუსტებელ-გადასაწყვეტია. საუბარია ბლოკის ფორმატში, სავარაუდოდ, გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატშიც მოხდება შეთანხმება. მაჟორიტარების წარდგენის დრომდე ყველაფერი დაზუსტდება“,- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატები 19 ივნისს დაასახელა. ვაკეში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, მთაწმინდაზე – შალვა შავგულიძე, ისანში – გიორგი ვაშაძე, სამგორში – ლევან ხაბეიშვილი, ნაძალადევის რაიონში – შალვა ნათელაშვილი, გლდანში – ნიკა მელია.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.