ხელვაჩაურის საკრებულო სულ 26 წევრისგან შედგება. მათგან, 73%, ანუ უმრავლესობა – პასიურია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დეპუტატები არ აკეთებენ კომენტარებს, არ აქვთ განცხადებები, არ სვამენ შეკითხვებს და არ გამოხატავენ თავიანთ აზრს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მათთვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ჯამში, სულ 88 ათას 200 ლარია დახარჯული. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პასიური დეპუტატების გვერდით ადგილი ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს, ნადიმ ვარშანიძესაც უჭირავს. გამოდის, რომ 2020 წელს, მათი ფუნქცია მხოლოდ მერიის მიერ წარდგენილი საკითხების მხარადჭერა ან წინააღმდეგ წასვლა იყო.
კონკრეტული ინიციატივა, რომელიც ნადიმ ვარშანიძემ წელს, საკრებულოს სხდომაზე დააყენა არ ახსენდება, თუმცა ამტკიცებს, რომ წერილობით დარეგისტრირებული ინიციატივების გარეშეც ახერხებს ხალხის სამსახურში ყოფნას.
რამდენად გამოირჩეოდა ხელვაჩაურის საკრებულო ინიციატივების სიმრავლით, თუ არქივს გადავხედავთ, არც თუ ისე სახარბიელო სურათს დავინახავთ, თუმცა მმართველი გუნდის წევრებს არგუმენტი აქვთ. ამბობენ, რომ მათთვის ინიციატივის, სხდომაზე გატანა აუცილებელი არ არის, რადგან გუნდურად მუშაობენ და საკითხები, რომლებსაც სხდომებზე განიხილავენ, ხელვაჩაურის მერიასთან გავლილი აქვთ. მიუხედავად ამგვარი განცხადებისა, მალხაზ სალვარიძე ვერ ამბობს, რა წინადადებით მიმართა მერიას, რომელიც სხდომაზე გავიდა.
ნადიმ ვარშანიძე, მალხაზ სალვარიძე, დავით სამნიძე, მინდია დიასამიძე, ჯემალ მუსხაჯბა, მურად გორგაძე, თეიმურაზ შამილაძე, ნუგზარ ვანიძე, მალხაზ ბალაძე, ლევან ლორთქიფანიძე, მალხაზ მხეიძე, ლეილა ცინცაძე, ვაჟა თავდგირიძე, შორენა ცინცაძე, მიშა ბოლქვაძე, ქენან კახიძე, ხათუნა დიასამიძე, გურანდა დოლიძე, იოსებ ბოლქვაძე და თეიმურაზ დუმბაძე – ეს ხელვაჩაურის საკრებულოს ის წევრები არიან, რომლებსაც, 2020 წლის იანვარ-მარტში ჩატარებულ სხდომებზე კონკრეტული წინადადება არც ერთხელ დაუყენებიათ. საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, მონაცემს, „საზოგადოებრივი განვითარების აკადემია“ აქვეყნებს და წერს, რომ წლის პირველ კვარტალში მათი ფუნქცია მხოლოდ მერიის მიერ წარდგენილი საკითხების მხარადჭერა ან არმხარდაჭერა იყო. წევრების უმრავლესობამ დღეს კომენტარებზე უარი გვითხრა.
კვლევას უნდობლად უყურებენ „ნაციონალური მოძრაობაში“. მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ ინიციატივები აქვთ, თუმცა მმართველი გუნდი მათ აიგნორებს, ამიტომ საჯარო ინფორმაციაში, რომელსაც კვლევა ეყრდნობა, ისინი ვერ აისახებოდა.
კვლევაში, პასიური წევრების რიგებში ირიცხებიან „პატრიოტთა ალიანსი“-ს წევრებიც, თუმცა, პარტიაში ფიქრობენ, რომ პასიურები სულაც არ არიან. მიუხედავად იმისა, ზეპირი განცხადებით დაყენებული ინიციატივა სხდომაზე არ განიხილება, ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, ხშირად იდეებს სწორედ ზეპირად აფიქსირებდა.
„საზოგადოებრვი განვითარების აკადემიის“ კვლევაში ვერ ნახავთ პუნქტს, სადაც იმ წევრების ჩამონათვალი იქნება, რომლებიც საზოგადოების ინტერესებისთვის, კონკრეტული წინადადებებით გამოდიან. მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური საკითხების მოგვარების ინიცირებით, პარტიულ წევრებთან ერთად, არც მაჟორიტარები გამოირჩევიან.