რატი იონათამიშვილი: „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში თემურ აბაზოვის ჩასმის საკითხი არ განხილულა

543

წინა სტატია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი უარყოფს ინფორმაციას, „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში თემურ აბაზოვის ჩასმის თაობაზე.

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, ეს საკითხი დღის წესრიგში არავის დაუყენებია.

„დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი არ განხილულა და არც განიხილება. ეს საკითხი დღის წესრიგში არავის დაუყენებია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა 22 ივლისს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში იქნება.

„იყო შემოთავაზება „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“, – აცხადებს თემურ აბაზოვი.

მისივე თქმით, თუ რომელ ნომრად იქნება სიაში, ჯერ გადაწყვეტილი არაა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას აბაზოვს ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

2019 წლის თებერვალში თემურ აბაზოვმა მარნეულის მერის თანამდებობა დატოვა.