რატომ გაიწელა დროში საბარგო სადგურზე გზის მშენებლობა

914

ახალციხეში, საბარგო სადგურზე, მშენებარე გზის საფუძველი წყლით ზიანდება, ამიტომ პროექტში ცვლილებების შეტანაა საჭირო და სარემონტო სამუშაობი დათქმულ ვადაში ვერ სრულდება.

ახალციხის შემოსასვლელში, საბარგო სადგურზე გზა სამი თვის წინ აყარეს და ამ დრომდე აქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო 2 კმ–სა და 600 მეტრ სიგრძეზე გადაადგილება ფერხდება.

აქ გზის მშენებლობა 16 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ სრულდება. მშენებლები ხარვეზებით შესრულებულ პროექტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც აქ სარემონტო სამუშაოები დაიწყო, პროექტში არაერთი ცვლილების შეტანა მოუხდათ.

საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური – ახალციხე – ვალეს საავტომობილო გზის კმ74 – კმ75 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ქროსფოინტი“ ახორციელებს. მან აქ საქართველოს გზების დეპარტამენტის დაკვეთით 2 910 881 ლარით არამხოლოდ გზა, არამედ არსებული ბეტონის ქვედა საყრდენი კედელიც უნდა შეაკეთოს. ასევე, მოაწყოს ტროტუარები, გამყოფი ზოლი, ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები და ა.შ. თუმცა, კომპანია პროექტს აღნიშნულ თანხაში ვერ დაასრულებს. სამუშოების მოცულობა გაიზარდა.

„დაახლოებით სამი კვირის წინ, წყლის გამო პრობლემა გაჩნდა. გზის ფუძეს წყალი აზიანებს, „მექანიზაციის“ ცენტრის მხრიდან იჟონება და გზას მთელ სიგრძეზე გასდევს. აქ თუ სადრენაჟო სისტემა არ მოეწყო, დაგებული გზა მალევე გაფუჭდება. საგარანტიო ვადაში კიდევ მისი შეკეთება ისევ კომპანიას მოუწევს, რის გამოც ფინანასურად ძალიან დაზარალდება“, – ამბობს მშენებლობის ზედამხედველი გიორგი არველაძე.
საბარგო სადგურზე საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს, ამიტომ მშენებარე გზაზე წყალთან ერთად ფუძეს ჩაჟონილი კანალიზაციაც აზიანებს.

„ეს ყველაფერი პროექტში თავიდანვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. „მექანიზაციის“ ცეტრში, სადაც ტრაქტორები დგას, მათ შესაკეთებელ „იამებში“ სულ წყალი დგას. ეს პროექტის ავტორს ჩვენ ვაჩვენეთ და გვითხრა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა“, – აცხადებს არველაძე.

გარდა წყლისა და კანალიზაციისა, სარეაბილიტაციო სამუშაოები საბარგო სადგურზე გეოდეზიურმა საკითხებმაც შეაფერხა.

„ჩვენ მხოლოდ ხიდის მშენებლობაზე ვართ პასუხისმგებლები და აქ გეოდეზიური სამუშაოები არ იყო სათანადოდ შესრულებილი. დაპროექტების დროს შეცდომა იყო დაშვებული. ამან კორექტირება და შესაბამისად, მეტი დროც მოითხოვა“, – ამბობს სამუშაოების მწარმოებელი პაატა ირემაძე.

მისი თქმით, პროექტში ცვლილებების შეტანა გზის ზომებთან დაკავშირებითაც გახდა საჭირო: „გზის გაბარიტებმაც მოითხოვა კორექტირება, მანდ წინ მოსახლეობის ბაღებია, არ ვიცი კანონიერია თუ უკანონო, მაგრამ გზის მშენებლობის გამო კონფლიქტი გაჩნდა“.

საბარგო სადგურზე გზის გასწვრივ დაახლოებით ათზე მეტ მოსახლეს პატარა ბაღი აქვს. მათ აქ ხეხილის ხეები ურგიათ და ბოსტნეული უთესიათ. თუმცა, აცხადებენ რომ ტერიტორია, რომელიც უკავიათ გზის მხარეს შვიდი მეტრი სახელმწიფოს საკუთრებაა, ამიტომ დროებით სარგებლობენ და თუ საჭირო გახდება, დათმობენ, რადგან პრეტენზიის საფუძველი ვერ ექნებათ.

„არავის ბაღს არ შეხებიან და არც კონფქლიტი მოგვსვლია ვინმესთან“, – ამბობს საბარგო სადგურზე მცხოვრები ნათელა ტერზიანი.
„ჩვენი საკუთრება არაა, მათ ფართში ვართ და პრეტენზია როგორ გვექნება“, – აცხადებს ტერზიანის მეზობლად მცხოვრები აიდა ესოიანი.
ადგილობრივები ბაღების გამო არა, თუმცა იმის გამო, რომ სამუშაოები დროში ძალიან გაიწელა, შეწუხებულები არიან: „ამ სიცხეში ეს მტვერი კიდევ უფრო აუტანელია, არ ვიცით საერთოდ თუ დასრულდება მშენებლობა, თან ბოლო ორი დღეა მუშებიც აღარ ჩანან“.

8 აგვისტოს „სამხრეთის კარიბჭეს“ გზის მშენებლობაზე მხოლოდ ექვსი კაცი დახვდა.

„ჩვენ ბორდიულებისთვის ბეტონს ვასხმათ. სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარებს და ამას ერთ კვირაში დავასრულებთ“, – გვითხრა ბიჭიკო ზამბახიძემ.

ბორდიულები შეიძლება, თუმცა გზის სრული რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით ვერ ხორციელდება.

„პროექტში 15 ცვლილება მაინც შევიდა, ასე რომ არ ყოფილიყო მშენებლობას ვადებში დავასრულებდით“, – აცხადებს არველაძე.
საპროექტო ორგანიზაციაში მშენებლების პრეტენზიებს არ იზიარებენ.

„რა გეოდეზიური საკითხები იყო პრობლემაო, რა სისულელეა! მანდ თუ წყალია, წყლის დრენაჟებიც გათვალისწინებული იქნება, მაგრამ ამგვარი პრეტენზიები მშენებლების მხრიდან ბოლო დროს წესად იქცა, პროექტებს ვადებში ვერ ასრულებენ და არ იციან ვის რა დააბრალონ“, – ამბობს შპს „საგზამეცნიერების“ დირექტორის მოადგილე რამინ ძნელაძე.

ძნელაძე პროექტის ავტორი არაა, თუმცა დარწმუნებულია, რომ პრობლემა მშენებლების არაპროფეზიონალიზმია და არა ხარვეზებით შედგენილი პროექტი: „ეკონომისტებმა და იურისტებმა დაიწყეს გზების მშენებლობა, იკითხეთ აბა კომპანიაში საერთოდ მშენებელი თუ ჰყავთ?! გარდა ამისა, ტენდერში ვაჭრობისას დაბალ ფასზე რიგდებიან და ბოლოს იმ თანხაში პროექტებს ვერ ასრულებენ“.

მიუხედავად ძნელაძის განცხადებისა, პროექტში არსებულ ხარვეზებზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტშიც საუბრობენ. მათი თქმით, პროექტის კორექტირება უკვე მოხდა, ასევე, შეიცვალა ხარჯთაღრიცხვა და შესაბამისად, საბარგო სადგურზე სადრენაჟო სისტემები მოეწყობა.

„ჯერ არ ვიცით რა ვადით გადაიწევს პროექტი, ზედამხედველისგან ინფორმაცია გვაქვს რომ გადავადდება, თუმცა ჯერ ფორმა ორი შედგენილი არ არის და ეს ოფიციალურად გაფორმებული არ გვაქვს“, – აცხადებენ საგზაო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.