ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

427

ქალაქ ახალქალაქის ორ სკოლასა და მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნები ჩაიტანა. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ბიბილიოთეკები ეტაპობრივად ეწყობა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ჯავახეთში ხუთი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ამ ხნის მანძილზე მათ რვა სკოლაში ქართული წიგნები ჩაიტანეს და ბიბლიოთეკები მოაწყეს.

„ევროკავშირთან ერთად ვაკეთებთ ბიბლიოთეკებს სხვადახვა სოფელში. ეს არის ეთნიკურად სომეხი თანამოქალქეებით დასახლებული სოფლები და ამავდროულად, ეკომიგრანტებით. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, ძალიან საშური. ქართულ ბიბლიოთეკებს ვაკეთებთ, განსაკუთრებით აქცენტს ვაკეთებთ საბავშვო ბიბლიოთეკაზე“, – ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.

მისივე თქმით, ბიბლიოთეკები მოეწყო: ახალქალაქის ორ სკოლაში და სოფლებში: აბულში, თახჩაში, ბუზავეთში, აზმანაში, აფნიასა და გოგაშენში:

„ჩვენ ძალიან ხშირად ჩამოვდივართ ჯავახეთში, სულ მცირე თვეში ერთხელ. ახლა ვიყავით ორჯერ და აგვისტოშიც ორჯერ ვაპირებთ ჩასვლას“, – ამბობს კეკელიძე.