ბოლნისის მერია: საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკები ახალ შენობაში გადავიდა

485

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა კულტურის ცენტრის ხელმძღვანელ სოსო კოპალეიშვილთან ერთად ბოლნისში ახლადრეაბილიტირებული საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკები დაათვალიერა და მათ, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საჩუქრად სხვადასხვა ჟანრის წიგნები გადასცა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აღნიშნული ბიბლიოთეკები წლების განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო შენობაში ფუნქციონირებდა.

“ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ყოფილი სამოქალაქო რეესტრის შენობას სარეაბილიტაციო და ტექნიკური გადაიარაღების სამუშოები ჩაუტარდა. შედეგად, როგორც თანამშრომელთა, ასევე მკითხველთა მომსახურების პირობები მკვეთრად გაუმჯობესდა. ორივე ბიბლიოთეკაში დასაქმებულია 20-ზე მეტი თანამშრომელი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ბოლნისის ორი ბიბლიოთეკა ახალ მისამართზე გადავიდა. საბავშვო და საქალაქო ბიბლიოთეკები წლების განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო გარემოში ფუნქციონირებდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, ახალი შენობა გამოიძებნა, რომლის სრული რეაბილიტაცია განვახორციელეთ.

დღეს ახალი საბიბლიოთეკო სივრცე მოვინახულე და წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორივე ბიბლიოთეკას საჩუქრად სხვადასხვა ჟანრის წიგნები გადავეცი, რითაც წიგნადი ფონდი კიდევ უფრო შეივსება. სწორედ წიგნიერი და ერუდირებული თაობა არის ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.