ანტონ ობოლაშვილმა, რომელიც „ოცნების“ რიგებიდან ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს, სოციალურ ქსელში პირველი განცხადება გაავრცელა. მან პარტიის ლიდერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეგიონის ინტერესებს მაქსიმალურად დაიცავს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მთელს გუნდს ნდობისათვის. ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ვიყო ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მაქსიმალურად ვიქნები ჩემი რეგიონის ინტერესების დამცველი და აქტიური მონაწილე ყველა იმ პროცესისა, რაც მიმართული იქნება ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მცხოვრებთა კეთილდღეობისკენ,“ – წერს სოციალურ ქსელში დეპუტატობის კანდიდატი.
ვინ არის ანტონ ობოლაშვილი
ანტონ ობოლაშვილი ბიზნესმენია, იგი წარმოშობით ადიგენიდან, სოფელ უდიდან არის. 2019 წელს ადიგენის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს. ინტერნეტის არქივში მისი სახელი შეგძლიათ ნახოთ “რეპორტიორის” სტატიაში, სადაც მას ასახელებენ ვანო მერაბიშვილის ახლო მეგობრად და მოკავშირედ.
ობოლაშვილის ბიზნესინტერესები
საჯარო რეესტრის მიხედვით, ანტონ ობოლაშვილს სახელს უკავშირდება 15 – მდე კომპანია, რომელთაგან სამში 100%–იანი წილი აქვს. ის ასევე ხელმძღვანელობს უცხოური საწარმოს ორ ფილიალს საქართველოში.
ობოლაშვილის სამეწარმეო საქმიანობა:
შპს „გლობალფარმი“ – 100%–იანი წილის მფლობელი, დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი
შპს „მესხეთი 2004“ – დამფუძნებელი და 100%–იანი წილის მფლობელი
შპს „ჯეომედიცინი“ – 35%–იანი წილის მფლობელი
შპს „გლობალინვესთმენთი“ – დამფუძნებელი და 100%–იანი წილის მფლობელი
შპს პარკლაინი – 60%–იანი წილის მფლობელი
შპს „უნივერსი 2017“ – შპს „გლობალფარმის“ შვილობილი კომპანია
გარდა ამისა, ობოლაშვილი ხემძღვანელობს უცხოური საწარმოების შპს “ვოლდ მედიცინის” და “როტაფარმ ლიმიტედის” ფილიალებს საქართველოში და საკუთარი შპს–ს შვილობილ კომპანიას შპს „უნივერსი 2017“–ს.
უნივერსი 2017–ის გარდა ობოლაშვილის კომპანიას წილები აქვს კიდევ სამ შპს–ში : შპს “გლობალ რეალ ისთეით”, შპს “მონოგრაფი” და შპს “სომინი”.
“ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია 20 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ყველა ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.
“ანტონ ობოლაშვილი არის რეგიონის გამორჩეული წარმომადგენელი, ბიზნესმენი, არაერთი წარმატებული პროექტის სულის ჩამდგმელი. ის იქნება რეგიონის ინტერესების აქტიური დამცველი საქართველოს პარლამენტში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის განვითარებაში”, – ამ სიტყვებით წარადგინა სამცხის კანდიდატი ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.