ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ შოთა რუსთაველის ძეგლი რესტავრაციის პროცესშია და დასრულების შემდეგ მას ყვითელი კი არა, მუქი ბრინჯაოსფერი ექნება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„დაზიანებული იყო და საჭიროებდა აღდგენას. სამუშაოების შესასრულებლად მოვიწვიეთ პროფესიონალი მოქანდაკე პაატა გიგაური. ძეგლი გაიწმინდა ქვიშა–ჭავლური მეთოდით, მოიხსნა საღებავის ფენები. შეივსო ძეგლზე არსებული ბზარები და დაიდო მაღალი ხარისხის „ვერნილაკის გრუნტი“. იგი შეიღება ოქროსფრი სპეციალური გრუნტ საღებავით. სამუშაოები გრძელდება და საბოლოოდ მუქ ბრინჯაოს ფერს მივიღებთ“, – განმარტავს ზაზა მელიქიძე.
ქალაქის მერი ამბობს, რომ შოთა რუსთაველის ძეგლს კაპიტალური რესტავრაცია პირველად უტარდება. სამუშაოები სავარუდოდ მომდევნო კვირაში დასრულდება.
გუშინ 20 ივლისს, დღის ბოლოს, ძეგლი სპეციალური ნივთიერებით დაამუშავეს, რამაც ოქროსფერი შესძინა. ამ ფერმა კი საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ამ ეტაპზე ძეგლი შეფუთულია და მას რესტავრაციის დასრულების შემდეგ ძველ ადგილს დაუბრუნებენ. სამუშაოებისთვის 3 850 ლარი დაიხარჯება.
შოთა რუსთაველის ძეგლი ახალციხეში 1968 წელს დაიდგა. ძეგლის ავტორი უცნობია.