ახალციხეში, ასპინძის ქუჩის მიმდებარედ, საცურაო აუზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. ტერიტორია, სადაც სპორტული კომპლექსი უნდა აშენდეს, ახალციხის მერიამ მუნიციპალური განვითარების ფონდს სამწლიანი განკარგვის უფლებით გადასცა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
შენობის მგფ–სთვის სამწლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის შესახებ ახალციხის საკრებულომ დღეს, 20 ივლისს გამართულ სხდომაზე იმსჯელა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გელა ნოზაძის განცხადებით, საცურაო აუზის მშენებლობისთვის დაახლოებით 13,5 მილიონი ლარი დაიხარჯება და მშენებლობა 20 თვე გაგრძელდება.
მისივე თქმით, საცურაო აუზის მშენებლობაზე ტენდერს მუნიციპალური გავნითარების ფონდი გამოაცხადებს.
ახალციხეში საცურაო აუზის მშენებლობა 2018 წლიდან იგეგმებოდა. საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პირველ ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიას, „ჯორჯიანჰაუსს“, მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა იმ მიზეზით, რომ კომპანიის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარდგენილი დოკუმენტაცია სატენდერო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
მეორედ გამოცხადებულ ტენდერში შპს „კარკასმა“ გაიმარჯვა და დოკუმენტაცია 218 360 ლარად მოამზადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის შენობაში დახურული საცურაო აუზი (ცურვის სხვადასხვა დისტანციაზე,სინქრონული ცურვა, წყალბურთი) ტრიბუნები, საჭყუმპალაო, სავარჯიშო დარბაზები და ადმინისტრაცია უნდა განთავსდეს.
გარდა ამისა, კომპლექსმა უნდა მოიცვას პარკინგის ადგილი, მთავარი შესასვლელი რეგისტრატურით, ჰოლი, სადაც შეიძლება განთავსდეს სწრაფი კვების პუნქტი, კომერციული ობიექტები, სველი წერტილები, ექიმის კაბინეტი, დაცვის ოთახი.
ამავე შენობაში იგეგმება კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობისა და სატრენაჟორო სავარჯიშო დარბაზების მოწყობა.