ახალციხის ციხე მერიისგან სუბსიდიას მიიღებს

469

ა(ა)იპ ახალციხის ციხეს მიმდინარე წელს ადგილობრივი თვითმმართველობა 210 000 ლარით დააფინანსებს. სუბსიდიას მიიღებს ა(ა)იპ წყალმომარაგებისა და წყალანირების სამსახურიც. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები 20 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.

საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, გელა ლომიძის განმარტებით, „ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, ასევე აიპების დაფინანსების მუხლიდან გამოთავისუფლებული თანხების ხარჯზე, ახალციხის ციხე მიმდინარე წელს მერიისგან 210 000 ლარიან სუბსიდიას მიიღებს. ცვლილებები პანდემიურ მდგომარეობას უკავშირდება“.

მისივე თქმით, 100 000 ლარიან სუბსიდიას მიიღებს ა(ა)იპ წყალმომარაგებისა და წყალანირების სამსახური, რომელსაც აღნიშნული თანხა კულტურული და სპორტული ღონისძიებების მუხლიდან გამოთავისუფლებული თანხის ხარჯზე დაერიცხება.

ახალციხის ციხე ადგილობრივი თვითმმართველობიდან ყოველწლიურ სუბსიდიას 2012–დან 2019 წლის ჩათვლით იღებდა. საკუთარი შემოსავლების გაზრდის შემდეგ გადაწყდა, რომ 2020 წლიდან ა(ა)იპ–ს თანხა აღარ დაერიცხებოდა, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ციხე დაგეგმილი შემოსავლების გარეშე დარჩა.