გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში დილიდან მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განაცხადა, ადგილზე ეპიდემიოლოგების 6 ჯგუფი მუშაობს და ჯამში 700-მდე პირს აუღებენ „პი-სი-არ“ ტესტირებისთვის ბიოლოგიურ მასალას.
„მოსახლეობის მასობრივი ტესტირების პროცესი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს, ადგილზე მუშაობს ეპიდემიოლოგთა 6 ჯგუფი, აქედან 3 ჯგუფი ლუგარის ლაბორატორიიდან, ერთი – რუსთავის, ორი – გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჯგუფი. დღის განმავლობაში აღებული ნიმუშები საკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება“, – განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების სულ 23 შემთხვევაა, აქედან 14 სოფელ ყარაჯალარში დაფიქსირდა.