გია ვოლსკი: ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უკვე ჭირი მოგვჭამა

544

ამ ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უკვე ჭირი მოგვჭამა, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს. ის უნდობლობას უცხადებს აღნიშნულ კვლევას და აცხადებს, რომ მმართველი პარტია კიდევ უფრო მეტს იმუშავებს და ყველაფერს უკეთესად გააკეთებს.

„მაგარი კვლევები ჩაატარა კეზერაშვილმა და ისეთი შედეგი გამოიყვანეს, რომ ყველა შემთხვევაში ოპოზიცია იმარჯვებს. ჯერ როგორ ჩაატარეს ამ პანდემიის პირობებში, ან აქამდე როგორ ატარებდნენ, საინტერესოა. საერთოდ, ამ ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უკვე ჭირი მოგვჭამა, წავიდა, აღარ არსებობს. რაც შეეხება პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ამის თაობაზე ხმამაღლა ლაპარაკობს მთავრობა და გაცილებით უფრო კარგი კვლევაც აქვს ჩატარებული. სამწუხაროდ, ბევრი პროგრამა, რომელიც განაპირობებდა კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას, ამ უბედურების გამო ვერ სრულდება, რასაც ვირუსის გავრცელება ჰქვია, მაგრამ იმედია, დასტაბილურდება და კიდევ დავუბრუნდებით იმ ტემპებს, რომელიც გვქონდა დაგეგმილი. რაც შეეხება სიტუაციის მართვას საგანგებო პირობებში, მახსოვს 18 თუ 20 მიმართულება, სადაც ხელისუფლების ჩართულობა 2012 წლამდე იყო – 0, მაგრამ რეიტინგებში მაინც პირველ ადგილზე იყვნენ. ამ 0-დან მიუხედავად ამ რთული ვითარებისა, საკმაოდ ბევრი შევძელით. საზოგადოებაში სულ სხვა განწყობაა, ხოლო კეზერაშვილის ტელევიზიებით თუ სხვა რესურსებით წარმოჩენილი განწყობა სხვაა. ასე რომ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ კიდევ მეტს შევძლებთ, გაცილებით უკეთესად გავაკეთებთ ყველაფერს და არც ადამიანების სისხლსა და ბედზე გადაივლის ჩვენი მომავალი ისტორია,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, არჩევნებში საკმარისი მხარდაჭერის ვერმოპოვების შემთხვევაში, რომელ პოლიტიკურ ძალასთან ერთად შექმნის „ქართული ოცნება“ კოალიციურ მთავრობას, გია ვოლსკიმ უპასუხა, რომ მმართველ გუნდს მთავრობის შესაქმნელად რესურსი ეყოფა. ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ კოალიციური მთავრობის შექმნის საკითხს და განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყნისთვის ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნება, თუკი უმრავლესობას არ ექნება მთავრობის შექმნის საშუალება. ქვეყანაზე ვიფიქროთ და არა პარტიების რეიტინგსა და მანიპულაციებზე, რომელსაც ადგილი აქვს. ესენი ერთმანეთს ნაბიჭვრებს ეძახდნენ გუშინ და დღეს ვითომ კოალიცია აქვთ. უმრავლესობა რომც აიღონ, ესენი მთავრობას ვერ შექმნიან. ერთმანეთს დახოცავენ და რომც შექმნან, იმდენად არასტაბილური და ეკლექტური იქნება ყველაფერი, რომ ქვეყნის სტაბილურობას დაანგრევენ. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ კეთილი უნდა ინებოს და მეტი პოზიტიური რესურსი უნდა მოზიდოს და კიდევ უფრო მეტი გააკეთოს, რათა საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” — 39%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” — 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” — 5%.