ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, საზოგადოება მალე “რუსული ექსპერიმენტის დაისის მომსწრე გახდება”.
როგორც მან Edison Research-ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, კოალიციური ხელისუფლება მოვა.
“მაშინ, როცა “ქართული ოცნება” მთელი პანდემიის პერიოდში სარგებლობდა უპირატესობით და ამ ჩაკეტილ ქვეყანაში გაქანებულ საარჩევნო პერიოდში იმყოფებოდა, მათ შორის, ბიუჯეტის ფულით მიმდინარეობდა გულის მოგება გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისა, ამ კვლევებში მათ მიერ ნაჩვენები შედეგი არის ჭერი, მაქსიმუმი, რომელზეც ოდესმე შეეძლოთ ეოცნებათ. როცა საარჩევნო კამპანია დაიწყება, მათი რეიტინგი წამოვა ქვევით, უხეშად რომ ვთქვათ, დაყვინთავს, რადგან ამ კვლევაშიც ჩვენი ამომრჩევლების 20 პროცენტი არის გადაუწყვეტელი და ეს ის ამომრჩეველია, რომელიც “ოცნებას” არასდროს მისცემს ხმას. ჯამში, აქეთ 39 პროცენტია, იქით, თუ დავაჯამებთ – 61. კოალიციური ხელისუფლება მოდის საქართველოში, ამას ამბობს ეს კვლევა, მაგრამ არჩევნებისას შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება ოპოზიციისთვის, რადგან ოპოზიციას ჯერ არ აქვს დაწყებული საარჩევნო კამპანია. როგორც კი საარჩევნო კამპანიის პირველი კონტურები გამოჩნდა ანუ მხოლოდ მაჟორიტარები გამოაჩინა ოპოზიციამ, თბილისის 6 ოლქიდან, 3- ში იგებს, მათ შორის ერთ-ერთში ძალიან დიდი უპირატესობით. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კი, 6-დან 3 შემთხვევაში დამარცხდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში გაერთიანებული ძალებით შესაძლებელია უკეთესი შედეგის მიღწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ არც პროპორციულ ნაწილში ექნება “ქართულ ოცნებას” უკეთესი შედეგი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ოპოზიციის გაერთიანებული ძალებით მოდის კოალიციური ხელისუფლება. ამის სურვილი გამოთქვა ხალხმაც ამ კვლევის მიხედვით. ამ კვლევის ყველა ირიბი მაჩვენებელი მთავართან ერთად იძლევა დასკვნას, რომ დამთავრებულია “ქართული ოცნების” 8-წლიანი წარუმატებელი ექსპერიმენტი – რუსული ექსპერიმენტის დასალიერს ვხედავთ ახლა ჩვენ, რუსული ექსპერიმენტის დაისის მომსწრე ვიქნებით სულ მალე,”- განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” — 39%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” — 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” — 5%.