ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი ბათუმის მერის ლაშა კომახიძის გადადგომას ეხმაურება და განმარტავს, რატომ არ გადადგა ლაშა კომახიძე 15 ივლისს და გადადგა 16 ივლისს.
მისი თქმით, თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარე ბათუმი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არჩეული მერის გარეშე იქნება.
“დღეს ბათუმის მერი გადადგაო. გადადგა 16 ივლისს, 15 ივლისს რომ გადამდგარიყო უკვე ოქტომბერში ბათუმს ახალი არჩეული მერი ეყოლებოდა. ახლა კი, “თვითმმართველობის კოდექსის” თანახმად, 15 ივლისის შემდეგ გადამდგარი მერების არჩევნები მომავალი წლის გაზაფხულზე იმართება. თუმცა, ვინაიდან 2021 წელი თვითმმართველობის არჩევნების გამართვის წელია და ასეთ წელს მერის რიგგარეშე არჩევნები კანონის თანახმად ვერ ტარდება, ბათუმი წელიწადზე მეტი მისი მოსახლეობის მიერ არჩეული აღმასრულებელი ხელისუფლების გარეშე დარჩება.
ერთი დღით ადრე რომ გადამდგარიყო კომახიძე, ასე არ იქნებოდა. ასეთი სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღეს ამხანაგმა კომახიძემ და მისმა “პატრონებმა”! საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქის მოსახლების მიერ არჩეული მერი ისე გადადგა, რომ საჭიროდაც კი არ ჩათვალა საჯარო განცხადება გაეკეთებინა, მისი ამომრჩეველლისთვის, მშობლიური ქალაქის მოსახლეობისათვის მიემართა და აეხსნა საკუთარი საქციელი, რატომ გადადგა, თან ზუსტად იმ დღეს, რომ ქალაქი ერთი წლით დაეტოვებინა არჩეული მერის გარეშე, არც ბოდიში ასეთი სამარცხვინო საქციელისთვის. უბრალოდ არაფრად ჩააგდო ბათუმელები! სამწუხაროდ ასე ეპყრობა ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას, ასეთ პატივს სცემს მის უფლებებს!” – აცხადებს ირაკლი მელაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე გადადგა. ამის შესახებ მერიასთან მყოფ ჟურნალისტებს მერიის თანამშრომლებმა დაუდასტურეს. გადადგა ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც.
ქალაქის ყოფილი მერი ამბობს, რომ ღირსეული შემოთავაზება აქვს და ჯერ ფიქრობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ კერძო სექტორში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში გადაინაცვლოს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მას თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს, რის სანაცვლოდაც ის „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში მოხვედრას ითხოვდა, მაგრამ მას უარი უთხრეს, როგორც საპარლამენტო, ისე უმაღლესი საბჭოს სიის ხუთეულში ჩასმაზე.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშა კომახიძე თანამდებობიდან წასვლაზე ბრიფინგის გამართვას 13 ივლისს გეგმავდა, თუმცა, 13 ივლისს მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ბათუმის მერი შვებულებაში იმყოფებოდა და რაიმე თემაზე ბრიფინგი დაგეგმილი არ იყო.
ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა.
ლაშა კომახიძე, ქვეყნის მასშტაბით, მეექვსე არჩეული მერია, ვინც თანამდებობა დატოვა.