კორონავირუსის პანდემიის გამო, ახალციხის ციხე წლის დასაწყისში დაგეგმილი შემოსავლების გარეშე დარჩა, რის გამოც შესაძლოა მერიიდან სუბსიდიის გამოყოფა დასჭირდეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის ციხემ პანდემიის პერიოდში დაახლოებით ორთვენახევრიანი შესვენების შემდეგ მუშაობა, 15 ივნისს, განაახლა. თუმცა მისი მონახულება ვიზიტორებისათვის უფასო გახდა.
15 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში, ერთი თვის განმავლობაში ციხეს 69 უცხოელი ესტუმრა. ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი მხოლოდ საზღვრების გახსნის შემდეგ შემოსულ ტურისტებს არ მოიცავს, ვიზიტორთა ნაწილი პანდემიამდე შემოვიდა საქართველოში და დარჩა.
რაბათის კომპლექსის შემოსავლებს მეტწილად უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა განაპირობებს, შესაბამისად, რადგანაც 2020 წლის განმავლობაში კომპლექსი არ მუშაობდა, წლის დასაწყისში დაგეგმილი შემოსულობები ვერ შეგროვდა. ამას ისიც ემატება, რომ ვიზიტორები შესვლის ღირებულებას აღარ იხდიან.
მიუხედავად ამისა, ციხის ადმინისტრაციში ამბობენ, რომ ამ დრომდე ფინანსური პრობლემები არ შექმნიათ და ხარჯებს თავად უმკლავდებიან: „ჯერჯერობით რა თანხებიც გვქონდა, იმას ვიყენებთ წლევანდელ წელს. შემოსავლები, რაც დაგეგმილი გვქონდა, თავისთავად აღარ შემოვიდა, რადგან ფაქტობრივად გაჩერებულები ვიყავით. ამიტომ, თუ თანხები აღარ გვექნება საკმარისი, შევხედავთ რომ ვეღარ ავუდივართ კომუნალურების გადახდასა და ხელფასების დარიგებას, მივმართავთ მერიას და დაგვაფინანსებენ. გააჩნია, ტურისტი როგორ შემოვა და შემოსავლები როგორ გვექნება“, – ამბობს ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია რა თანხის სუბსიდირება იქნება მერიიდან საჭირო, თუმცა საკითხზე საუბარი უკვე იყო: „კონკრეტულ ციფრებზე ჯერ არ გვისაუბრია, ზედაპირულად გვქონდა საუბარი და გვაქვს ნათქვამი, რომ თუ რთული სიტუაცია იქნება, მივმართავთ. უბრალოდ, მერე უკვე ციფრებზე იქნება საუბრი, რა თანხა იქნება საჭირო“.
ახალციხის ციხეს მერიიდან სუბსიდირება 2019 წელს შეუწყდა. 2020 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული აღარ იყო. როგორც იმ პერიოდში მერიაში განმარტეს, ციხეს შემოსავლების თვალსაზრისით კარგი პოზიცია ჰქონდა და შეეძლო საკუთარი ხარჯები თავადვე დაეფარა.
ახალციხის ციხე ადგილობრივი თვითმმართველობიდან ყოველწლიურ სუბსიდიას 2012 წლიდან იღებდა. 2019 წელს იგი 100 000 ლარით დაფინანსდა.