მრავალწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, – ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით კირკიტაძე მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსთავში მცხოვრებ 250 ოჯახს საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცემა.
დავით კირკიტაძის განცხადებით, არ შეწყდება ბრძოლა იმისთვის რომ ადგილობრივებს ძალიან მალე გადაეცეთ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
„ეს არის ჩვენი ბრძოლის შედეგი. მინდა მივულოცო იმ ოჯახებს, რომლებსაც სახლები გადაეცემათ და ექნებათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. შექმნიან იქ ამხანაგობებს, რაც გააუმჯობესებს საყოფაცხოვრებო პირობებს.
მოგეხსენებათ, გვქონდა არაერთი მიმოწერა ეკონომიკისა და შესაბამის სამინისტროებთან, მუნიციპალიტეტებთან. მას შემდეგ, რაც ჩვენმა მწვავე პროტესტმა ნათია თურნავას მშენებარე სახლთან გადაინაცვლა, მოხდა ამ პრობლემის ფორსირება. მთავრობამ საბოლოო ჯამში მიიღო გადაწყვეტილება და ეს სახლები ამ ადამიანებს გადაეცემათ.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, იმისთვის რომ ადგილზე მუნიციპალიტეტებმა ან ჩინოვნიკებმა კვლავ არ მოაწყონ მათთვის ჩვეული ობსტრუქცია, არ შექმნან ბარიერები. ეს ადამიანები იმსახურებენ ჰქონდეთ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ნორმალური ყოფითი პირობები. ჩვენ ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც შევპირდით“, – აცხადებს კირკიტაძე.
რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით კირკიტაძე 250-მდე ოჯახს სახლების დაკანონებას დაჰპირდა.
მისივე განცხადებით, ის პირობას იძლევა, რომ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უახლოეს 1 თვეში, ოჯახებს, რომლებიც წლებია მთავრობისგან ავარიული საცხოვრებელი სახლების დაკანონებას ელოდებიან, მოთხოვნას დაუკმაყოფილებს და სახლებს საკუთრებაში გადასცემს.