„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით კირკიტაძე 250-მდე ოჯახს სახლების დაკანონებას ჰპირდება.
მისივე განცხადებით, ის პირობას იძლევა, რომ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უახლოეს 1 თვეში, ოჯახებს, რომლებიც წლებია მთავრობისგან ავარიული საცხოვრებელი სახლების დაკანონებას ელოდებიან, მოთხოვნას დაუკმაყოფილებს და სახლებს საკუთრებაში გადასცემს.
„დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ერთ ფაქტზე, თუ როგორ გულგრილად და დანაშაულებრივად ექცევა ხელისუფლება მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში კი, რუსთავში მცხოვრებლებს. ადამიანებს, რომლებიც წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრებენ და ამას ემატება ისიც, რომ სახელმწიფომ მათთვის ვერ მოიცალა და არ დაუკანონა სახლები, რომლებშიც წლებია ცხოვრობენ. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შენობა საკმაოდ ავარიულია.
2 წლის წინ ჩვენ ეკონომიკის მინისტრს გავუგზავნეთ წერილი აღვუწერეთ 250 -მდე ოჯახი, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. მინდა შევპირდე ამ მოქალაქეებს, მე ვაიძულებ მთავრობას ოქტომბრამდე მათ ეს ფართები საკუთრებაში გადაეცეთ და თუ მაინც ვერ მოხერხდება, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, 1 თვეში, ამ ადამიანებს აღნიშნულ ფართებს დავუკანონებთ”,- განაცხადა დავით კირკიტაძემ.