მთაწმინდის რაიონის გამგებელმა 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

320

მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში, 47 051 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე 9 ქუჩა შეკეთდა; აშენდა გრუნტის დამჭერი 7 კედელი. სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოები კი ჩატარდა 137 მისამართზე; გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები 350 მისამართზე ჩატარდა. გარდა ამისა, მოეწყო და რეაბილიტირდა 9 დასასვენებელი და საბავშვო გასართობი სივრცე.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 3 სპორტული მოედანი მოეწყო.

“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2022 წლის განმავლობაში 256 პროექტი განხორციელდა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 5 ავარიული საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან 3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. 31 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა, ხოლო, წყალარინების ქსელი 29 მისამართზე შეიცვალა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის ჩართულობით, გაიმართა სხვადასხვა სახის 9 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება; მიმდინარე წელს გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 16 691 550 ლარი დაიხარჯა.

პრეზენტაციაზე მთაწმინდის რაიონის გამგებელმა 2023 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა. ასევე, მისი თქმით, მომავალ წელს იგეგმება ბიუჯეტის გაზრდა, რომლის საშუალებით კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელება იქნება შესაძლებელი.