ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის 18 სოფელში 2020 წელს გაზიფიცირება დაიწყება. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მაგისტრალების გაყვანისთვის ტენდერები აგვისტო-სექტემბერში გამოცხადდება.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, 2020 წელს გაზიფიცირება დაიწყება ახალციხის 6, ასპინძის 6 და ადიგენის ასევე 6 სოფელში.
ახალციხე: ანდრიაწმინდა, ანდა, წყორძა, ურაველი, მუსხი და ხეოთი.
ადიგენში: შოლავერი, ქვემო ენთელი, ბოლაჯური, პატარა სმადა, დიდი სმადა და ჩორჩანი.
ასპინძაში: ოშორა, იდუმალა, საყუდაბელი, ძველი, ორგორა, ჭობარეთი.
„აგვისტო-სექტემბრის დასაწყისში სამუშაოებზე ხელშეკრულება გაფორმდება, ტენდერი უნდა გამოცხადდეს. სამივე მუნიციპალიტეტზე ასეთი სიტუაცია იქნება“, – აცახდებს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს საფარის მონასტრის მიმართულებით – „უკვე დაასრულეს სამუშაოები“, ახალქალაქში პტენასა და ჩუნჩხას მიმართულებით და ბორჯომში კორტანეთის მიმართულებით – „სადაც ნაწილი იყო გაზიფიცირებული და ნაწილი წელს დასრულდება“.
„ეს ის სოფლებია, სადაც მაგისტრალები გადის და სადაც სამუშაოები წელს აუცილებლად დაიწყება და წლის ბოლომდე სოფლებში უკვე მიყვანილი იქნება ქსელი. შიდა დაქსელვის საკითხი კი უკვე ოპერატორ კომპანიასთან მოგვარდება“, – ამბობს ბერძენიშვილი.