ახალციხის რაიონულ სასამართლოში აგრარული ბაზრის საჩივარი განიხილეს

700

წინა სტატია

ახალციხის რაიონულ სასამართლოში აგრარული ბაზრის საჩივარი განიხილეს. სავაჭრო ცენტრის დირექტორი იმ ოქმის გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში 15 000 ლარით დაჯარიმდა. მისი თქმით, სამართალდარღვევას არ აღიარებს, რადგან ამავე დღეს პოლიციას ბაზრის ტერიტორიაზე არცერთი ფიზიკური პირი დაუჯარიმებია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ახალციხის სასამართლოში, სავაჭრო ცენტრ „ახალციხეს“, იგივე აგრარული ბაზრის საჩივარი დღეს, 13 ივლისს განიხილეს. პროცესზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ბაზრის დირექტორი და მისი ადვოკატი იმყოფებოდნენ.

საქმე ეხებოდა 29 მარტს, ახალციხის სავაჭრო ცენტრის დაჯარიმებას. საგანგებო სიტუაციის დროს ბაზრის ტერიტორიაზე შემქნილი ხალხმრავლობის გამო, სამართალდამცველებმა ბაზრის ადმინისტრაცია 15 000 ლარით დააჯარიმა. ოქმში ნათქვამია, რომ სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მყოფები არ იცავდნენ დისტანციას, ასევე არ ეკეთათ პირბადე და ხელთათმანი.

ბაზრის დირექტორი, ვახტანგ ქართველიშვილი სამართალდარღვევას არ აღიარებს და ამბობს, რომ 29 მარტს, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ხალხის ნაკადის რეგულირებაში მათ პოლიციელებიც ეხმარებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ამავე პოლიციელებმა დააჯარიმეს.

„სულ ახალი გამოცხადებული იყო პანდემია, ხალხი იყო შეშინებული და ქალაქიდან 10-12 საათისთვის დიდი მასა შემოვიდა. იყო რაღაც-რაღაცეები, რომლებიც ვერ გავაკონტროლეთ. 70 “მარშუტკა“ კარტოფილით დატვირთული შემოვიდა ახალქალაქიდან, არ იცავდნენ დისტანციას და არ ეკეთათ ხელთათმანი. ვისაც არ ეკეთა პირბადე, კანონი იმასაც ავალდებულებდა, მაგრამ ფიზიკური პირები არავინ დააჯარიმეს. პირდაპირ ჩემზე არ უნდა გადამტყდარიყო“, – განაცხადა სხდომაზე ქართველიშვილმა.

მისი ადვოკატის, ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, საგანგებო სიტუაციის გამოცხადებიდან, ბაზარი აქტიურად თანამშრომლობდა სამართალდამცველებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ამასთან, იყო ისეთი პერიოდიც, როცა რეგულაციების დაუცველობის გამო, ადმინისტრაციას სავაჭრო ცენტრის დაკეტვა უნდოდა:

„ვახტანგ ქართველიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა პოლიციასთანაც და ადგილობრივ თვითმმართველობასთანაც. გადაწყვეტილი ჰქონდა საერთოდ დაეკეტა ბაზარი, მაგრამ მუნიციპალიტეტის მითითებით გააგრძელა მუშაობა. არ მისცეს საშუალება, ამიტომ მისი დაუდევრობით არ მომხდარა დარღვევა. საოცარია, რომ სამართალდამცველებმა დაუწერეს ოქმი, მაშინ როცა ბაზარი იკეტებოდა და იღებოდა მათი კონტროლის ქვეშ“.

სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ დღეს, 29 მარტს ისინი ბაზრის ტერიტორიაზე მხოლოდ შემსვლელ მანქანებს ამოწმებდნენ და ბაზრის ადმინისტრაციის მითითებებს ასრულებდნენ: „ჩვენ არ გვქონდა უფლება ვინმე შეგვეშვა ან არ შეგვეშვა ბაზარში. იქ მანქანები წინასწარ უკვე შეშვებული ჰყავდათ. ჩვენ ვიდექით მარტო ბაზრის შესასვლელში და არ ვიცოდით ღამე შიგნით რა ხდებოდა. ჩვენ ვიცავდით წესრიგს, მაგრამ იურიდიული პირია, აეყვანა დამატებითი ხალხი. ახლა თუ 6-7 თანამშრომელი ჰყავს, მაშინ რატომ არ ჰყავდა?! ეს ოქმი სწორად დაწერილია, რომ არ დაწერილიყო უსასრულოდ გაგრძელდებოდა ეს მდგომარეობა“.

კითხვაზე, დააჯარიმეს თუ არა რომელიმე ფიზიკური პირი ამ დღეს, შსს-ს წარმომადგენელმა ვერ უპასუხა: „არ ვიცი, იყვნენ თუ არა დაჯარიმებული, შესაძლოა იყვნენ“.

ბაზრის დირექტორი ვახტანგ ქართველიშვილი ირწმუნება, რომ სამართალდამცველებმა მხოლოდ ადმინისტრაციას დააკისრეს ჯარიმა: „ვეთანხმები, არ ეკეთა პირბადე ყველას, მაგრამ 2 000 კაცი მოვიდა და ერთი ადამიანი მაინც ხომ უნდა დაეჯარიმებინათ?! შეიძლებოდა ჩვენთანაც გაფრთხილებით შემოფარგლულიყვნენ, რადგან დაჯარიმების შემდეგ, 15 წუთში დაიცალა ბაზარი და წესრიგი იყო“.

ერთსაათიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე ლუიზა თოდუამ პოლიციისგან ფიზიკური პირების დაჯარიმების ფაქტების წარმოდგენა მოითხოვა, ასევე მას დააინტერესა რის საფუძველზე მოხდა ოქმის შედგენა – ადგილზე, სავაჭრო ცენტრში დარღვევის გამოვლენისთანავე თუ მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა ბაზარში არსებული მდგომარეობის შესახებ მედიის ან სხვა საშუალებით შეიტყვეს.

მომდევნო სხდომა 16 ივლისისთვის ჩაინიშნა.

საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო, ახალციხის ბაზარი 15 000 ლარით 30 მარტს დააჯარიმეს.