საკრებულოს დეპუტატს, რომელიც ოჯახის წევრზე ძალადობაშია ბრალდებული, პატიმრობა შეეფარდა

508

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თელავის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს დეპუტატს, რომელიც ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მიხეილ გრემელაშვილი თელავის საკრებულოს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარის მოადგილეა.

მის პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა. უწყების ინფორმაციით, გრემელაშვილი თავის სახელზე რეგისტრირებული, ტეტე-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლსა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.

პროკურატურაში ასევე ამბობენ, რომ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

საქმეზე გრძელდება სასამართლო განხილვები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოს დეპუტატს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დეპუტატ მიხეილ გრემელაშვილის წინააღმდეგ გამოძიება 8 ივლისს დაიწყო. ძალადობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სუროგაციის ცენტრ New Life-ის ხელმძღვანელმა, მარიამ კუკუნაშვილმა გაავრცელა.

მან ფეისბუქზე დაწერა, რომ მისივე ნათესავი, თელავის საკრებულოს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, მიხეილ გრემელაშვილი შვილებზე ძალადობს და წარსულში ცოლზეც არაერთხელ უძალადია.

მიხეილ გრემელაშვილი საკრებულოს წევრი 2017 წლის 14 ნოემბრიდანაა. პრესსამსახურის ინფორმაციით, მან თავდაპირველად კენჭი “ქართული ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატად იყარა, 2018 წელს კი პარტია დატოვა და ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსში” გადავიდა.