თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები, საკრებულოს წევრის, სოფელ შალაურის მაჟორიტარი დეპუტატის და ფრაქციის წევრის, მიხეილ გრემელაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ფრაქციის წევრების განმარტებით, მათთვის ნებისმიერი ხასიათის ძალადობა მიუღებელია.
„აღსანიშნავია, რომ მიხეილ გრემელაშვილი თელავის საკრებულოში “ქართული ოცნების“ სიით მოხვდა და ის არის სოფელ შალაურის მაჟორიტარი დეპუტატი. მოგვიანებით კი “პატრიოტთა ალიანსის” სხვა წევრებთან ერთად დააფუძნა ფრაქცია „თელავის პატრიოტთა ალიანსი“. ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, საჭიროდ მივიჩნევთ შეფასებაში ვიყოთ ობიექტურები და პროცესის მიმართ ადეკვატურები.
ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა, მით უფრო, როცა საკითხი ოჯახს და მოზარდებს ეხება. ამიტომ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა მისი ოჯახისა და მცირეწლოვანი შვილების მიმართ. გრემელაშვილის დაპატიმრება ვერ შეცვლის მისი ოჯახის დღევანდელ მდგომარეობას. დეპუტატმა გრემელაშვილმა დაუშავა როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ასევე თავის თავს.
ჯობია ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ იმაზე თუ როგორ დავეხმაროთ ოჯახს. მომხდარს სამართლებრივი სახე უკვე მიეცა და იმედი გვაქვს სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილება ყველა კითხვას გასცემს პასუხს“,– ნათქვამია თელავის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, მიხეილ გრემელაშვილი ოჯახის წევრებზე განხორციელებული ძალადობის გამო დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ გრემელაშვილმა. თავის სახელზე რეგისტრირებული, ტეტე-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. პოლიციამ მიხეილ გრემელაშვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო” – აცხადებს შსს.