ოჯახში ძალადობის ბრალდებით თელავის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს

760

შემდეგი სტატია

პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თელავის საკრებულოს ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ გრემელაშვილი დააკავა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მ. გ. ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ გრემელაშვილმა თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დეპუტატის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.

გრემელაშვილი ოჯახის წევრებზე ძალადობაში ნათესავმა ამხილა. 8 ივლისს, სუროგაციის ცენტრ „ნიუ ლაიფის“ ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისმა ბიძაშვილმა შვილებს წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო სცემა. კუკუნაშვილის განცხადებით, საკრებულოს დეპუტატი წლებია ცოლ-შვილზე ძალადობს და იარაღითაც ემუქრება.

მიხეილ გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შალაურის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. ის „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო, საკრებულოში ყოფნის პერიოდში კი პარტია დატოვა. ამჟამად მიხეილ გრემელაშვილი ფრაქცია „საქართელოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს.