ახალციხეში მტვერსასრუტი მანქანის შესაძენი თანხა ქუჩების მოასფალტებას მოხმარდება

987

ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, ადგილობრივი ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს უყარეს კენჭი.

ცვლილებების მიხედვით, ეკონომიებისა და თავისუფალი ნაშთის ხარჯზე დარჩენილი თანხა ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. გარდა აღნიშნულისა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯება 180 000 ლარი, რომელიც მტვერსასრუტი მანქანის შესაძენად იყო გათვალიწინებული და 10 000 ლარი, რომელითაც ქალაქის ქუჩებისთვის საყვავილები უნდა შეეძინათ.

ცვლილებების შედეგად 45100 ლარად წიქვაძის ქუჩაზე გზა მოასფალტდება (მეორე ეტაპი); ბაგინაშვილის ქუჩის მოასფალტებისთვის 65 200 ლარია გათვალისწინებული; 248 500 ლარი დაიხარჯება 9 აპრილის ქუჩაზე, ოთხი ათასი მესხის სახელობის სკვერისა და ხეივანის გასაკეთებლად.

ახალციხის მერის ვლადიმერ ზედგინიძის განცხადებით, მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდეგ, მოსაწესრიგებელი მხოლოდ საბარგო სადგურის დასახლება, ქალაქში კი ორი, ბაგინაშვილისა (დასრულება)და სამსონიძის ქუჩები დარჩება.

„აღნიშნული ორი ქუჩა მომავალ წელს გვაქვს გათვალისწინებული, საბარგო სადგურზე კი მოასფალტებას მაშინ დავიწყებთ, როდესაც საკანალიზაცი სამუშაოები დასრულდება“, – განაცხადა ახალციხის მერმა.

ახალციხის მერიის ბიუჯეტი ამ დროისათვის 12 039 500 ლარია.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე