9 ივლისს ბორჯომში ცენტრალურ ქუჩაზე გარემოვაჭრეებმა ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვა გააპროტესტეს, ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან ქალაქის ცენტრში პროდუქტების გაყიდვის ნებართვას ითხოვდნენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
პანდემიის გამო გარემოვაჭრეები, რამდენიმე თვეა პროდუქტის გასაყიდად არ გამოსულან. დაბრუნების შემდეგ კი მერიის თანამშრომლებმა ქუჩაში გაყიდვა აუკრძალეს, რასაც ხმაური მოჰყვა. ინფორმაციას ტელეკომპანია ბორჯომი ავრცელებს.
„აქ ვინც დგას ყველა წესებს იცავს? მაშინ შევიდნენ ყველანი ოთახში და მეც ავდგები და წავალ. ყველას გამოფენილი აქვს გარეთ მარნეულის, თურქეთის და ირანის პროდუქტები და ჩვენ ახალციხელებს არ გვაქვს უფლება გავყიდოთ ჩვენი პროდუქტი“, – ამბობს გულო ხითარიშვილი.
ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი აცხადებს, რომ ქუჩაში ვაჭრობის ნებას არავის მისცემს, იგი გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს სთავაზობს.
„არ დავუშვებთ, რომ ქუჩაში ფეხით სავალ ნაწილზე ივაჭრონ. ალტერნატიულ ფართს ვთავაზობთ. მაღაზიის წინ ყველას ვაძლევთ უფლებას ვაჭრობის, ვინაიდან იცავენ იმ რეკომენდაციებს რაც არის მიღებული. ყველა მაღაზია კონტროლდება ყოველდღე“ – ამბობს დავით ზაალიშვილი.