“სათიბები ასფალტივითაა, დახმარება გვჭირდება” – რა დაპირება მიიღეს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა

574

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ვალესა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებს, რომლებსაც მომთაბარე მწყემსების პირუტყვმა საძოვრები და სასმელ წყლის სისტემა დაუზიანეს, მხარის რწუნებული ბესიკ ამირანაშვილი შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. 

„ძალიან რთული საქმეა და უნდა მოვაგვაროთ, სადაც ჩვენ ვთიბავთ დღეს ასფალტივითაა, რა გავთიბოთ და ჩვენს საქონელს რა ვაჭამოთ? მწყემსებმა საქონელი დაახლოებით სამი კვირის წინ შემოიყვანეს, ცხვარი კი ორი კვირის წინ. ერთი დღეში 30 ჰექტარს აფუჭებენ“, – ამბობს სოფელ ჯულღას მცხოვრები პარუირ დურგალიანი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მწყემსებმა გარდა საძოვრებისა, წყლის სისტემაც დააზიანეს, ამის გამო ვალესა და ორ სოფელში დაბინძურებული წყალი მოდის.

„სადაც წყლის სათავეა, რაღაცეები დაუცეს რომ წყალი გადმოსულიყო და საქონელს დაელია. წინუბანში, აბათხევში, ვალეში სულ ტალახიანი წყალი მოდის. შევხვდით გუბერნატორს, ვესაუბრეთ. მწყემსებიც ადამიანები არიან, ისე უნდა მოგვარდეს პრობლემა, რომ არც მათ ეწყინოთ და არც ჩვენ“.

სამცხე–ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ვალესა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, დახურულ კარს მიღმა ესაუბრა. ჟურნალისტები შეხვედრაზე არ დაუშვეს. დასრულების შემდეგ ამირანაშვილმა გვითხრა, რომ მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ადგილობრივების ინტერესები დაიცვან.

„საუბარია ოთხ ფარაზე, დაახლოებით 4 000 სულ ცხვარსა და 1 000 სულამდე საქონელზე. ამან განაპირობა, ის რომ ადგილობრივ მოსახლეობას საძოვრების პრობლემა შეექმნა. ჩვენ მივეცით პირობა, რომ დღესვე დავიწყებთ სამართლებრივ პროცედურებს და მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი მოსახლეობის ინტერესი იყოს გათვალისწინებული“, – თქვა ამირანაშვილმა.

რაც შეეხება დაბინძურებულ წყალს, რეგიონის პირველი პირი ამბობს, რომ საკითხით უკვე დაინტერესდა ახალციხის მერი: “გასცა ბრძანება, რომ წყლის სისტემა სასწრაფო წესით აღდგეს”.

13 სოფლის მოსახლეობა სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციასთან დღეს, 24 ივნისს შეიკრიბა. მსგავსი პრობლემა ადგილობრივებს სამი წლის წინათაც ჰქონდათ.