ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოები სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
როგორც სამინტროში განმარტავენ, შვაბების ქუჩაზე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე ეკლესიას (კირხეს), სამ საცხოვრებელ სახლსა და ძველ გერმანულ სასაფლაოს რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
“მოეწყო გარეგანათება, პირვანდელი იერსახით აღდგა ღობეები და ჭიშკრები. ჩატარდა საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები, აშენდა გამწმენდი ნაგებობა.
პროექტის მიზანია, ასურეთის ისტორიულ დასახლებაში, შენარჩუნდეს გერმანული კოლონიებისათვის დამახასიათებელი განაშენიანება და ისტორიული დასახლება კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის”, – აცხადებენ სამინისტროში.
გერმანული სოფლის რეაბილიტაციას ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.