საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კახეთის სამელიორაციო სისტემა დეგრადირების და კვდომის პერიოდში იყო და 2000-იანი წლებისთვის ისეთი მდგომარეობა გვქონდა, რომ მელიორაცია, როგორც ასეთი, გაჩერებული იყო. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ მელიორაცია ახალ სიცოცხლეს იძენს, ორი ძირითადი სამელიორაციო მიმართულებაა, ერთი ეს არის ალაზანი და მეორე იორი, – ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, შარშან, როდესაც წყლის რაოდენობაც ნორმალური იყო, კახეთში უპრეცენდენტო რაოდენობის, 17 ათასი ჰექტარი მიწა იქნა გაწყლოვანებული.
„ყველა მიმართულებით ხდება ამ წლების განმავლობაში არარსებული და გაპარტახებული მეურნეობის აღდგენა. შარშან, როდესაც წყლის რაოდენობაც ნორმალური გვქონდა, კახეთში უპრეცენდენტო რაოდენობის, 17 ათასი ჰექტარი მიწა იქნა გაწყლოვანებული. აღსანიშნავია, რომ ჰექტარზე 75 ლარია მორწყვის ღირებულება და სახელმწიფო აქაც ძალიან დიდ დახმარებას უწევს ფერმერებს, რადგან მორწყვის რეალური ფასი ერთ ჰექტარზე 365 ლარია და ფერმერს მხოლოდ 75 ლარის გადახდა უწევს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, წელს ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე მეტი დეფიციტი ექნებათ სარწყავი წყლის.
„პირველ რიგში ხდება წყლის მეურნეობების აღდგენა სრულად, თავიდან ბოლომდე და შემდგომ ამისა, წყლის მიწოდება ასეთ ფასად ხდება ფერმერებისთვის. ამავდროულად ვიტყვი, რომ წელს ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, გვექნება ცოტა უფრო მეტი დეფიციტი წყლის, ამიტომ პერსპექტივისთვის, სახელმწიფო ფიქრობს და ამუშავებს პროექტს, რომ ასეთი პერიოდისთვის, ივლისის მეორე ნახევრისა და აგვისტო თვისთვის, როდესაც მცირე წყლიანობა გვაქვს, აშენდეს ახალი წყალსაცავები, რომელიც კახეთის, ამ ბარაქიანი მიწების გაწყლოვანებას უზრუნველყოფს“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.